თბილისი, 26 ოქტომბერი– Sputnik. თბილისში პოეზიის მთარგმნელებისთვის ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და აღმოსავლეთმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის პრემია დააწესეს.
პრემიის მისაღებად კონკურსი საქართველოს მწერალთა სახლმა და გამომცემლობა „დიოგენემ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოაცხადა.
პრემია ორ ნომინაციაში გაიცემა: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი. ასევე საკონკურსოდ განიხილება გასულ წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები, განაცხადეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
თითოეულ გამომცემლობას შესაძლებლობა აქვს კონკურზე წარადგინოს არაუმეტეს 5 წიგნი, ხოლო ლიტერატურულ ჟურნალსა და გაზეთს — არაუმეტეს ათი პუბლიკაციისა. საკონკურსო ნაწარმოებების მიღება მწერალთა სახლში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. კონკურსის ფინალისტების მოკლე სია დეკემბრის თვეში გასაჯაროვდება.
გამარჯვებულს ხმების უმრავლესობით ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს, რომელთაც ორგანიზატორები შეარჩევენ. მათი ვინაობა კონფიდენციალური იქნება. ჟიური იტოვებს უფლებას ერთ ან ორ ნომინაციაში პრემია რამდენიმე მონაწილეზე გადაანაწილოს.
პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაწესდა, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა.
ვახუშტი კოტეტიშვილი (1935-2008) — ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ირანისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და ფოლკლორისტი, ასევე მრავალი მონოგრაფიის ავტორია.
ცხოვრების დიდი ნაწილი კოტეტიშვილმა ქართული ფოლკლორის განუმეორებელი ნიმუშების შეგროვებას მიუძღვნა.
ვახუშტი კოტეტიშვილის სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიას ეხება. გარდა ამისა, მან ქართულ ენაზე თარგმნა გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა. ქართულ საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამართული ხალხური პოეზიის საღამოები, რომელიც ХХ საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა.
2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ კოტეტიშვილი ირანული პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.