ჯორჯიიდან ჯორჯიაში, ანუ ოდნავ გიჟური ცხოვრება იმერეთში

© Sputnik / Levan Avlabreliგრანტ ფრიმანი
გრანტ ფრიმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ გრანტ ფრიმანს გაგაცნობთ და საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდზე გიამბობთ.

გრანტ ფრიმანი ამერიკელია, ჯორჯიის შტატიდან. ახლაც ჯორჯიაში ცხოვრობს, ოღონდ ქართულში — ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდა და აქ პატარა რესტორანი გახსნა. შეფ-მზარეული თავადაა და უამრავ საინტერესო და გემრიელ კერძს სთავაზობს სტუმრებს, რომლებიც თან ქართულია და თან — არა.

© Sputnik / Levan Avlabreliგრანტ ფრიმანი საკუთარ რესტორანში
გრანტ ფრიმანი საკუთარ რესტორანში - Sputnik საქართველო
გრანტ ფრიმანი საკუთარ რესტორანში

ჯორჯიიდან ჯორჯიაში

ჯერ კიდევ კოლეჯში ვსწავლობდი, დედამ რომ მითხრა, დროა, რამე საქმეს მოჰკიდო ხელი, მუშაობა დაიწყოო. ჰოდა, რახან სადილების კეთება ყოველთვის მომწონდა, ავდექი და რესტორანში წავედი სამუშაოდ.

გამიმართლა, კარგ შეფ-მზარეულთან მოვხვდი, რომელიც ყოველთვის ნატურალურ პროდუქტებსა და ყველაზე უბრალო ინგრედიენტებს იყენებდა სრულიად უნიკალური კერძების შესაქმნელად.

მერე ბევრს ვმოგზაურობდი. ერთი პერიოდი ფილიპინებზეც ვმუშაობდი მზარეულად, მანილაში. სწორედ იქ გავიცანი ერთი სკანდინავიელი მზარეული, რომელმაც კულინარიული სამყაროს უამრავ საიდუმლოს მაზიარა.

კრისტოფერ მანინგი - Sputnik საქართველო
კრისტოფერ მანინგი: ნიუ-იორკში ცხოვრება აღარ მინდა. მიზეზი? თბილისია მიზეზი...

მერე ლონდონში გავემგზავრე, იქიდან კი ისევ შტატებში დავბრუნდი და არაერთ ცნობილ მზარეულთან ვიმუშავე.

ერთ დღესაც საქართველოში ჩამოვედი. რატომ? ახლავე გეტყვით.

ამ ქვეყანაზე თითქმის არაფერი ვიცოდი, სანამ სადიპლომო ნაშრომის წერა არ დავიწყე. მსმენოდა, რომ სადღაც, კავკასიაში, რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობდა. მერე და მერე კი სულ უფრო და უფრო მეტი შევიტყვე: რამდენი იყო ქვეყნის მოსახლეობა, რა ერქვა დედაქალაქს, როგორი პოლიტიკური ვითარება იყო, თანდათან გავეცანი ქართულ კულტურას.

© FB/Grant Freemanგრანტ ფრიმანის ქართული მწვადი ამერიკული ბარბექიუს წინააღმდეგ
გრანტ ფრიმანის ქართული მწვადი ამერიკული ბარბექიუს წინააღმდეგ  - Sputnik საქართველო
გრანტ ფრიმანის ქართული მწვადი ამერიკული ბარბექიუს წინააღმდეგ

და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ არსებობდა პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“. ნამდვილად არ ვიცი, რა მამოძრავებდა, მაგრამ ეს კია, რომ საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტე.

ოდნავ გიჟური ცხოვრება

თავიდან იმერეთში, ბაღდათთან ახლოს ერთ პატარა სოფელში ვცხოვრობდი, რომელსაც გარს განსაცვიფრებელი სილამაზის მთები ერტყა. ყოველ დილა-საღამოს ვუყურებდი მზის ამოსვლა-ჩასვლას და ბუნების სიდიადით ვტკბებოდი. იქაურ ოჯახში ნახევარი წელი ვიცხოვრე, მაგრამ დღემდე არ გამიწყვეტია ურთიერთობა — არც მათთან და არც ჩემ მაშინდელ მოწაფეებთან.

ნამრატა კინი - Sputnik საქართველო
ნამრატა კინი: თბილისი ულამაზესი ქალაქია, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მომეწონა...

ჩემთვის ცოტა უცნაური იყო ცხოვრების იმგვარი წესი, რომელიც იქ იყო დამკვიდრებული: დილით, სკოლისკენ მიმავალს, რომელიმე მოსწავლის მამა აუცილებლად გამომძახებდა ხოლმე, მოდი, ჭაჭა დავლიოთო. მესმის, რომ ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამერიკაში ამის წარმოდგენაც კი არ შეიძლება, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე ნასვამი შევიდეს — მაშინვე სამსახურიდან გააგდებენ.

ძალიან ხშირად არაოფიციალურ უქმეებსაც იწყობდნენ ვინმეს დაბადების დღის ან საეკლესიო დღესასწაულის აღსანიშნად. გაშლიდნენ სუფრას და მთელი სოფელი ლხენასა და დროსტარებას ეძლეოდა.

უნდა გამოვტყდე: თავისუფლების ამგვარი გამოვლენა ძალიან მომწონს. არის ამაში რაღაც განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი.

© Sputnik / Levan Avlabreliგრანტ ფრიმანი: მენიუში ბევრი ისეთი კერძი გვაქვს, რომლებიც ერთდროულად ამერიკული და ქართული კერძების ელემენტებს მოიცავს.
გრანტ ფრიმანი: მენიუში ბევრი ისეთი კერძი გვაქვს, რომლებიც ერთდროულად ამერიკული და ქართული კერძების ელემენტებს მოიცავს.  - Sputnik საქართველო
გრანტ ფრიმანი: მენიუში ბევრი ისეთი კერძი გვაქვს, რომლებიც ერთდროულად ამერიკული და ქართული კერძების ელემენტებს მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისე მიჭირდა, ლამის ყველაფერი მიმეტოვებინა და გავქცეულიყავი, ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი მაინც ყველაზე ტკბილად მახსენდება. სწორედ იმ ნახევარმა წელიწადმა შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი და სოფლურ ყოფას მაზიარა. სწორედ მაშინ შემიყვარდა საქართველო და აქ ცხოვრებაც მაშინ გადავწყვიტე.

იქ, იმერეთის იმ პატარა სოფელში დავიწყე ქართულის სწავლა. ვიცი, რომ ძალიან რთული ენაა, მაგრამ გარკვეული წარმატებას მაინც მივაღწიე: რაღაც დონეზე უკვე ვახერხებ ქართულად ლაპარაკს.

პროკურატურიდან რესტორანში

რამდენიმე წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. ქალაქის პროკურატურაში ინგლისური ენის მასწავლებლად ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ დამებადა რამე მცირე ბიზნესის წამოწყების იდეა — პატარა რესტორნის გახსნისა, სადაც მე თავად ვიქნებოდი შეფ-მზარეული და კერძების მომზადებისას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულ ცოდნას ქართულ რეალობას მოვარგებდი.

ერიკ თეოფან ჰალვორსონი - Sputnik საქართველო
საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი რომანტიკოსი

ცოტა ხნის წინ მომეცა ამის შანსი და მეც სიხარულით მოვკიდე საქმეს ხელი. ჩემი რესტორნის სტუმრები ხშირად მეუბნებიან, კერძები ზედმეტადაა სანელებლებით შეზავებულიო. ეს იმიტომ რომ ისინი აზიურ სამზარეულოს არ იცნობენ, მე კი აზიის ქვეყნებში მუშაობის პერიოდიდან დღემდე შემომრჩა დიდი რაოდენობით სუნელის გამოყენების ჩვევა.  

მენიუში ბევრი ისეთი კერძი გვაქვს, რომლებიც ერთდროულად ჩემი მშობლიური და ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძების ელემენტებს მოიცავს. აი, მაგალითად, საფირმო კერძი, რომელიც საცივმა შთამაგონა, არის კანაპე, რომელიც სუფრაზე ნიგვზისა და სხვადასხვა სუნელისგან დამზადებული სოუსის თანხლებით უნდა მიიტანოთ. ნიგვზიან ბადრიჯანს ფრანგული რეცეპტით ვამზადებთ. ბადრიჯანი სიმინდის ფქვილში იწვება და სუფრაზე ასევე საცივის მსგავს ნიგვზის სოუსთან ერთად მიგვაქვს.
დიდ ყურადღებას ვუთმობთ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს. საქართველოში იმდენი და ისეთი გემრიელი ბაღჩეული გაქვთ, რომ საერთოდ არ გჭირდებათ უცხოურის გამოყენება.

კი, პრობლემებიც გვაქვს, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო, რომ მათზე ლაპარაკიც არ ღირს.

მომწონს საქართველოში ცხოვრება. მომწონს იმიტომ, რომ აქ ევროპაცაა და აზიაც, იმიტომ, რომ აქ საკუთარი სამყარო შევქმენი და ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ ამ ქვეყნისა.

ყველა ახალი ამბავი
0