კრისტოფერი საქართველოში პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ჩამოვიდა და ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურ ენას ყვარელში. მერე, ისე შეუყვარდა საქართველო, თავად ისწავლა ქართული სრულყოფილად და ახლა ნიუ-იორკში ცხოვრებას თბილისში ცხოვრებას არჩევს.
ქართული დამწერლობა — საქართველოსადმი სიმპათიის პირველწყარო
ამერიკაში დავიბადე და გავიზარდე. ნიუ-იორკის სტონი ბრუკის უნივერსიტეტი (Stony Brook University) მაქვს დამთავრებული. სტუდენტობისას ძალიან მიყვარდა მოგზაურობა, განსაკუთრებით, შორეულ მხარეებში. ხშირად ვიჯექი კომპიუტერთან და ქვეყნების, კონტინენტების გეოგრაფიას ვსწავლობდი — ტურებს ვირჩევდი და ახალ მარშრუტებს ვალაგებდი თავში.
მოგზაურობისადმი ვნებამ უჩვეულო ძალით უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იფეთქა.
ერთ დღესაც, როცა ჩვეულებისამებრ ვეჯექი კომპიუტერს და ინტერნეტს „ვფურცლავდი“, სიტყვა „Georgia“ მომხვდა თვალში. ვიფიქრე, ამერიკულ შტატზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არა. წავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ დასახელებით ქვეყანა არსებობს სადღაც.
ამან დამაინტრიგა და საქართველოს შესწავლა დავიწყე ინტერნეტით. დავადგინე, სად მდებარეობდა, რა ერქვა დედაქალაქს, რამდენი კაცი ცხოვრობდა და ასე შემდეგ. მერე რომელიღაც გვერდზე ქართულ ანბანს გადავაწყდი და… თქვენმა დამწერლობამ უძლიერესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. განსაკუთრებით მომხიბლა გადაბმით წერის მანერამ, როცა ასოები ერთმანეთს თითქმის უწყვეტად ებმის და ერთ მთლიან, ზღაპრულ ორნამენტს ქმნის.
გულახდილად გეტყვით: ხშირად უბრალოდ ვიჯექი, თქვენი ანბანის მოხაზულობით ვტკბებოდი და ვფიქრობდი: ნეტავ რა ხალხმა შექმნა ასეთი არაჩვეულებრივი დამწერლობა, ვინ არიან ეს ქართველები-მეთქი? სწორედ მაშინ, ისე რომ არც გამიცნობიერებია, საქართველოსადმი სიმპათიის პირველი ყლორტები გაჩნდა და საოცრად მომინდა აქ ჩამოსვლა. შორეულ და ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობა ხომ ისედაც მიყვარდა?!
პირველი შთაბეჭდილება თბილისზე
ერთ უქმე დღეს, დაახლოებით, ოთხიოდე წლის წინ, ჩვეულებრივად ვიჯექი კომპიუტერთან და სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი ტექსტს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაევრცელებინა ინტერნეტით და რომლითაც ის ხალხს საქართველოში ინგლისური ენის სკოლებში სასწავლებლად იწვევდა…
ჰოდა, მეც სასწრაფოდ შევკარი ბარგი და თბილისში ამოვყავი თავი, ქალაქში, რომელმაც პირველი დანახვისთანავე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. და აი, რატომ: ნიუ-იორკი — ეს, ფაქტობრივად, ოკეანეზე, ანუ რამდენიმე კუნძულზე გაშენებული ქალაქია, თბილისი კი მთებითაა გარშემორტყმული და ერთგვარ „ქვაბში“ მდებარეობს — რადიკალურად განსხვავდება ჩემი მშობლიური ქალაქისგან. ეს მომაჯადოებელი სილამაზეა!
გავყურებდი და ვტკბებოდი თბილისის ხედებით: მთაწმინდით, ნარიყალით, მტკვრის კლდოვან სანაპიროზე გადმოკიდებული მეტეხის ციხით — რომელიც არავის დატოვებს გულგრილს…
და ძველი ქალაქის პეიზაჟი — უამრავი ისტორიული შენობითა და ძეგლით, ან უძველესი, ვიწრო ქუჩაბანდების, იტალიური ყაიდის თბილისური ეზოების, მოჩუქურთმებული აივნებისა და აბსტრაქტული ფანჯრების განუმეორებელი კოლორიტი?! ყველა ეს არქიტექტურული კომპოზიცია თითქოს ძველი ტფილისის სულითაა გაჟღენთილი.
მხოლოდ ქართულად
პროექტი „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ თავიდანვე ძალიან საინტერესოდ მეჩვენა, იმიტომ რომ ძალიან „დემოკრატიულად“ იყო შედგენილი. კონტრაქტი თავიდან მხოლოდ სამი თვით ფორმდებოდა და თუ რამე არ მოგეწონებოდა, შეგეძლო უკან წასულიყავი. ყველა მასწავლებელს ჩაგვიტარეს გაცნობითი ხასიათის ტრენინგი, გაგვაცნეს საქართველოს ისტორია და კულტურა, ტრადიციები და ადათ-წესები, გვიამბეს აქაურ სტუმარმასპინძლობაზე, მეღვინეობის კულტურაზე, ბუნებაზე… გაოგნებულ-შეძრული დავრჩი — თურმე, რაოდენ ძველი და უნიკალური ქვეყანა ყოფილა ეს საქართველო?!
გახსოვთ, გითხარით, ქართული ანბანი ინტერნეტში ვნახე-მეთქი? რადგან ყველაფერ ახლის შესწავლა ძალიან მიტაცებდა, მაშინვე ვცადე, თქვენი ასოების მოხაზულობა გამემეორებინა, თქვენი ენა მესწავლა.
ჩემი აზრით, ქართული ძალიან რთულია სასწავლად, ვინაიდან უნიკალურია და ანალოგი არ აქვს — არცერთ სხვა ენას არ ჰგავს. თუმცა, თუ სურვილი და დრო გაქვს, შეუძლებელი არ არის. ჰოდა, ყვარელში რომ აღმოვჩნდი განაწილებით, სადაც ორ მეზობელ სოფელში ინგლისური ენის სასწავლებლად მიმავლინეს, ოჯახს, რომელშიც ვცხოვრობდი, მალე მხოლოდ ქართულად ველაპარაკებოდი.
სკოლაში კი ბავშვებს მხოლოდ ინგლისურად ვესაუბრებოდი. რასაც ვერ იგებდნენ, ადგილობრივი მასწავლებელი უთარგმნიდა ქართულად. სხვათა შორის, საკმაოდ ბევრმა ბავშვმა სწრაფად აითვისა უცხო ენა.
საინტერესო პერიოდი იყო, მით უმეტეს, რომ ჩემი შრომის ნაყოფს ვხედავდი.
თუმცა, იყო პრობლემებიც. ძალიან უცნაური მომეჩვენა ზოგადად სწავლების მეთოდი. პედაგოგები კლასს რაღაცნაირად, ჩემთვის გაუგებრად ყოფდნენ ორად — ვინც სწავლობდა და ვინც არ სწავლობდა. როცა ვცდილობდი, რომ „არმსწავლელთა“ ჯგუფისთვის რამე ამეხსნა, მასწავლებელი ამაზე უცნაურად რეაგირებდა…
ყვარლელ ინგლისური ენის პედაგოგებთანაც გამიჭირდა ურთიერთობა. ხანდახან საერთოდ არ მესმოდა, რისი თქმა უნდოდათ. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ მათ უცხოეთში არ ჰქონდათ პრაქტიკა გავლილი და ცოცხალ ინგლისურთან არასდროს ჰქონიათ შეხება. არადა, ინგლისური ენა ძალიან სწრაფად იცვლება და ამიტომ ძნელია, მიჰყვე მის ტენდენციებს…
ჩემი საქართველო
აქ უამრავი ულამაზესი, განუმეორებელი ადგილია. თუმცა, მე გამორჩეულად მიყვარს თუშეთი, ხევსურეთი და სვანეთი. რამდენიმე დღით მივდივარ ხოლმე ლაშქრობაში და უბრალოდ ვტკბები იქაური ბუნებით.
აქ, თბილისში ჩემს სტიქიაში ვგრძნობ თავს. მომწონს, რომ მთელი დღით შემიძლია ბუნებაში გასვლა და საღამოს შინ დაბრუნება. ნიუ-იორკშიც კია ლამაზი ბუნება, მაგრამ იქამდე რომ მიაღწიო, რამდენიმე საათი გჭირდება. აქ კი, აგერ, მთაწმინდაზე აირბენ და უკვე შუაგულ ტყეში ხარ.
მესმის ადამიანებისა, ვისთვისაც ნიუ-იორკი მთელი ცხოვრების ოცნებაა — ეს აქ ბევრისგან მსმენია. მეც ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი მშობლიური ქალაქი, მაგრამ იქ ცხოვრება ჯერ არ მინდა. მიზეზი? თბილისია მიზეზი, სადაც ბევრად უფრო სასიამოვნოა ცხოვრება, ვიდრე გიჟური ტემპის ამერიკულ მეგაპოლისში.
და ქართველები?! ეს სტუმართმოყვარე, თბილი, გულღია ხალხია, რომელიც ისე გღებულობს, როგორც ღვიძლ შვილს. საოცრად მეადვილება და მომწონს ქართველებთან ცხოვრება. აქ უამრავი მეგობარი მყავს.
ასე რომ, ამერიკაში დაბრუნებას ჯერჯერობით არ ვაპირებ — საქართველო მთელი გულით მიყვარს!