თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, საქველმოქმედო პროექტ „თბილისის მარათონთან“ დაკავშირებით, დილის 07:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იტყობინება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ჩატარდება.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით:
ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩის ნაცვლად, სვლას გააგრძელებენ 300 არაგველის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით.
კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბოლო გაჩერება ამაღლების ქუჩაზე იქნება.
ვაკე-საბურთალოდან და სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მელიქიშვილის ქუჩიდან ფილარმონასთან ჩაუხვევენ კოსტავას ქუჩაზე და გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე.
ხეთაგუროვისა და ჩიტაიას ქუჩებიდან სადგურისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.
„თბილისი-მარათონში“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 22 ოქტომბრის ჩთვლით მიმდინარეობდა და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. წლევანდელი გარბენი ნახევარმარათონს, 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენებს გულისხმობს.
გასულ წელს თბილისის მარათონი საერთაშორისო მარათონების ასოციაციის (AIMS) ოფიციალური წევრი გახდა.