თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქველმოქმედო „თბილისის მარათონი“ მეოთხედ გაიმართება საქართველოს დედაქალაქში 2015 წლის 25 ოქტომბერს, იტყობინება ღონისძიების გვერდი. მოსალოდნელია, რომ „თბილისის მარათონში 2 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები.
პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, „თბილისის მარათონი“ მნიშვნელოვანია არა მარტო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ ტურისტული თვალსაზრისითაც.
მარათონი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და მარშრუტზე დაწვრილებითი ინფორმაცია ორგანიზატორებმა თავიანთ გვერდზე განათავსეს.
პირველი გარბენი შედგება 500 მეტრზე 6-11 წლამდე ბავშვებს შორის და 1 კმ-ზე 12-15 წლამდე ბავშვებს შორის. 16 წელს ზემოთ ახალგაზრდებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ნახევარმარათონზე, ასევე 10 კმ-იან გარბენზე.
ნახევარმარათონი და 10 კმ-იანი გარბენი საერთაშორისო სტანდარტებით შედგება. გარბენის შედეგებს გერმანული კომპანია "Mika Timing" ("Official Timekeeping and Data Processing") —ის სისტემით დათვლიან.
სპეციალური პროექტი „თბილისის მარათონი“, რომელიც გერმანული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის HeidelbergCement-ის ორგანიზებით ტარდება, — საქველმოქმედოა.
გასულ წელს, კომპანიამ მარათონიდან შემოსული თანხა გააორმაგა და ბედიანში მდებარე ბავშვთა ცენტრს გადასცა მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის.
მიმდინარე წელს მარათონიდან შემოსული თანხა, რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და კეთილმოწყობას მოხმარდება,
წელს „თბილისის მარათონი“ მარათონებისა და გარბენების საერთაშორისო ასოციაციის (AIMS), ოფიციალური წევრი გახდა.
„თბილისის მარათონი“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება გერმანიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.