თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. თბილისის საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გაიარონ. მარათონი 23 ოქტომბერს გაიმართება.
რეგისტრაცია 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ის, ვინც დარეგისტრირებას 23 სექტემბრამდე მოასწრებს, მაისურზე სახელობით ნიშანს მიიღებს.
21,1 კილომეტრ დისტანციაზე სირბილი 15 ლარი დაჯდება, ხოლო 10 კილომეტრზე – 10 ლარი.
მარათონში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ ბავშვებსა და მოზარდებს. მათთვის გარბენა უფასო იქნება. 6–დან 11 წლამდე ბავშვებს 500 მეტრის დისტანციას სთავაზობენ, ხოლო მოზარდებს 12–დან 16 წლამდე – 1 კილომეტრს.
ტრადიციულად, ორგანიზატორები მიღებული თანხის გაორმაგებას აპირებენ და მას ქველმოქმედებისთვის გაიღებენ. წელს თანხა ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება.
„პროექტის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა (ბავშვებს რომლებსაც უკურნებელი სენი აქვთ) ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, როგორც მათ სხეულზე, გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე აქტიური და ყოველმხრივი ზრუნვის, ისე მათი ოჯახის წევრების თანადგომისა და დახმარების გზით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ყოველ წელს სოციალური პროექტი „თბილისის მარათონი“ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მასში ყოველლთვის მონაწილეობენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს სამთავრობო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები.
გასულ წელს თბილისის მარათონი საერთაშორისო მარათონების ასოციაციის (AIMS) ოფიციალური წევრი გახდა.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ პროეტი მნიშვნელოვანია როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზების, ისე საქართველოში ტურიზმის განვითარების თავლსაზრისით.
თბილისის მარათონი ჩატარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის სამინისტროს, შსს–ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ და თბილისის მერიის ხელშეწყობით.