დავით ხარაზიშვილის შემოდგომის მარათონი

© photo: Sputnik / Denis Aslanovდავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ ფარგლებში Sputnik-ი ქართველ მარათონელთან დავით ხარაზიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

არა, ძვირფასო მკითხველო, არ შევმცდარვართ. საუბარი ნამდვილად გვექნება შემოდგომის მარათონზე, თუმცა ამჯერად ელდარ რიაზანოვთან და ოლეგ ბასილაშვილთან არანაირი შეხება არ გვექნება. წარმოგიდგენთ 23 წლის დავით ხარაზიშვილს — საქართველოს ისტორიაში პირველ მარათონელს, რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

— დავით, სად და როგორ მოიპოვეთ ოლიმპიადის ლიცენზია?

— ბერლინის მარათონზე, რომელიც გასული წლის სექტემბრის ბოლოს გაიმართა. ჩემთვის ეს მეორე მარათონი იყო ცხოვრებაში. პირველი რიგაში ვირბინე, ისიც გასულ წელს და არც თუ  ცუდი შედეგი ვაჩვენე — 2 საათი, 22 წუთი და 37 წამი. ამის მერეღა გავემგზავრე ბერლინში, სადაც მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული მარათონი ტარდება.

საერთოდ, ბერლინის, ბოსტონის, ნიუ–იორკის, ჩიკაგოს, ლონდონისა და ტოკიოს მარათონები ყველაზე მასიური და პრესტიჟული მარათონებია და სერია World Marathon Majors–ში შედიან, აქვთ ოქროს ლეიბლი და IAAF–ის (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) მიერ მინიჭებული სტატუსი.

— რომელი ადგილი დაიკავეთ ბერლინში და რა დრო აჩვენეთ?

— ბერლინის მარათონში 45 ათასი კაცი მონაწილეობდა და მე 34–ე ადგილზე გავედი. დისტანცია 2 საათში, 16 წუთსა და 17 წამში დავფარე.

იმ დროისთვის ოლიმპიური ლიცენზია ეძლეოდა სპორტსმენს, რომელიც 2 საათსა და 17 წუთზე უკეთეს შედეგს აჩვენებდა.

© Denis Aslanovდავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
დავით ხარაზიშვილი

— რა განიცადეთ, როდესაც მომხდარი გაიაზრეთ?

— რომ გითხრათ, გამიხარდა–მეთქი, ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი გითხრათ. იმ ემოციის გადმოცემა სიტყვით ძალიან ძნელია. ეს შედეგი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. თანაც შეგრძნებებს ისიც მიმძაფრებდა, რომ მანამდე საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე მარათონელი არ გვყოლია.

გარდა ამისა, საქართველოს რეკორდიც მოვხსენი, რომელიც მანამდე 2 საათი და 19 წუთი იყო.

— ზემოთ თქვით, იმ დროისთვისო და რამე შეიცვალა?

— ახლა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამოცანა გაამარტივა და ოლიმპიადაზე მოსახვედრად დისტანცია 2 საათსა და 20 წუთში უნდა დაიფაროს. 

რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეს ზღვარი კიდევ დაიწევს, ვინაიდან არსებობს ქვეყნები, რომლებსაც აქამდე არ მიუღიათ ლიცენზია. მარათონი კი ისეთი დისციპლინაა, რომელშიც აუცილებლად ბევრი მონაწილე უნდა იყოს.

— ესე იგი, სხვა პრესტიჟულ მარათონებში არ მიგიღიათ მონაწილეობა?

— არა, ბერლინის გარდა, სამწუხაროდ, არ მიმიღია.

თანაც მეუბნებიან, რომ ჩემ ასაკში, ცოტა არ იყოს, ნაადრევია სპორტის ამ სახეობით დაკავება.

— რამდენი ხანია მარათონით ხართ დაკავებული?

— ერთი წელიც არაა. მანამდე საშუალო დისტანციებზე დავრბოდი — 5 და 10 ათას მეტრზე. მაგრამ მარათონში კარგი შედეგები მაქვს და ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდე.

— როგორ მოხდა, რომ საშუალო დისტანციიდან მარათონულზე გადახვედი? ეს ხომ სირბილის სულ სხვა სახეობაა?

— საშუალო და გრძელ დისტანციებზე კარგი შედეგები მქონდა. 2013–2014 წლებში საქართველოში ლატვიიდან ლუდმილა ოლიარი ჩამოვიდა. ის უმაღლესი კლასის სპეციალისტია და ჩვენთან მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. სწორედ მან მირჩია, ძალები ნახევრად მარათონსა და მარათონში მომესინჯა. ეტყობა, რაღაც მონაცემები შენიშნა ჩემში.

© FB/ Dato.Xarazishviliდავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
დავით ხარაზიშვილი

— და, როგორც ჩანს, არც შემცდარა…

— როგორც ჩანს, არა. მოგვიანებით ლატვიელი სპეციალისტი ალექსანდრ პროკუპჩუკი გამაცნო, რომელიც მარათონელებს ამზადებს. ამის შემდეგ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ხელშეწყობით ლატვიაში გავემგზავრე, შემოწმება გავიარე და როცა ყველაფერი ნორმაში აღმომაჩნდა, უშუალოდ პროკოპჩუკთან დავიწყე ვარჯიში.

უკვე ხუთი თვის შემდეგ პირველი მარათონი ვირბინე. კარგი შედეგი ვაჩვენე და გადავწყვიტე, ამ დისციპლინაზე გამეკეთებინა კონცენტრაცია.

— როგორ გრძნობდით თავს თქვენი პირველი მარათონის მეორე დღეს?

— ძლივს დავდიოდი. 20 მეტრის გავლა კი არა, ხოხვაც კი არ შემეძლო (იცინის). სიმწრით მივდიოდი სამზარეულომდე და მერე ისევ ვწვებოდი. ყველაფერი მტკიოდა!

ბერლინის მარათონი შედარებით გამიიოლდა, მაგრამ ფინიშის ხაზი რომ გადავკვეთე, მოცელილივით დავეცი. იმ წუთას ვინმე რომ მოსულიყო და ეთქვა, ადექი და მსოფლიო რეკორდს ჩაგითვლითო, მაინც არ ავდგებოდი (იცინის).

— რა იყო ყველაზე რთული ბერლინის მარათონისას?

— ალბათ ის, რომ ბოლო ორი–სამი კილომეტრი ისე გავირბინე, რომ ბრძოლის გასაგრძელებლად შიდა რესურსები პრაქტიკულად ამოწურული მქონდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ თავი ვაიძულე, ფინიშამდე მიმერბინა. ბოლოს და ბოლოს, ოლიმპიური თამაშების ლიცენზია იდო ფსონზე. ფინიშზე უკვე უბრალოდ გათიშული ვიყავი, მაგრამ ეს ისეთი ემოციები და ისეთი სიხარულია, რომ ყველა ტკივილი, ყველანაირი დაღლილობა მეორე პლანზე გადადის.

— ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ლიცენზია „მეორე გასროლით“ აიღეთ?

— თავად პროკოპჩუკმა, რომელიც უკვე 20 წელია ამზადებს მარათონელებს და ძალიან ბევრი რამ აქვს ნანახი, მითხრა, არ მახსოვს პრეცედენტი, რომ 22 წლის ბიჭს (მაშინ 22 წლისა ვიყავი) თავის ცხოვრებაში მეორე მარათონზე პირველთან შედარებით მთელი 6 წუთით გაეუმჯობესებინა საკუთარი შედეგი და თანაც ოლიმპიადის ლიცენზია მოეპოვებინოსო. ეს ძალიან დიდი პროგრესი იყო.

რეალურად, 2 საათი და 10–12 წუთი ის შედეგია, რომლითაც ოლიმპიადაზე მედლის პრეტენდენტიც კი შეიძლება გახდე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ შედეგს მივუახლოვდე.

— როგორ ვარჯიშობთ? სპორტის ამ სახეობას, ალბათ, საკმაოდ სპეციფიური მომზადება სჭირდება.
— კი, ჩვენ არასდროს არ გვაქვს სპონტანური ვარჯიშები. ეს ისე არაა, რომ ადგე და ჰოპ, მარათონი ირბინო. არა. ჩვენ მკაფიო საწვრთნელი გეგმა გვაქვს, რომლის განხორციელებასაც გარბენამდე ათი დღით ადრე ვიწყებთ. ამ გეგმას მხოლოდ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვცვლით.

ძირითადად მოცულობაზე ვვარჯიშობთ და ვმუშაობთ, კილომეტრაჟს ვაგროვებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. მანეჟზე, სტადიონზე და, საერთოდ, დახურულ სივრცეში, ფაქტობრივად, არ ვვარჯიშობ. ძირითადად ტრასაზე, მთებში ან ტყეში ვვარჯიშობ. ერთი სიტყვით, უსწორმასწორო ადგილებში.

თავად ვარჯიშის პროცესი ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს სპორტსმენისგან, იმიტომ რომ საათობით უწევს ვარჯიში დღეში ორჯერ და ხანდახან სამჯერაც კი.

— და რამდენ კილომეტრს „აგროვებთ“ დღეში?

— გააჩნია პერიოდს — შეჯიბრებამდეა თუ შეჯიბრების შემდეგ — თუმცა საშუალოდ კვირაში 300 კილომეტრი გამოდის, ანუ დღეში სადღაც 42–43 კილომეტრი, ანუ მარათონის მთელი დისტანცია.

— ასეთი დატვირთვისთვის, ალბათ, სპეციალური დიეტაა საჭირო. რა შედის თქვენ რაციონში?

— რა თქმა უნდა, ასეა. სპეციალურ კვებაზე შეჯიბრებამდე სადღაც ათი დღით ადრე გადავდივართ და სტარტამდე სამი–ოთხი დღით ადრე ვწყვეტთ. თუმცა მხოლოდ კვება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ორგანიზმს ყველა საჭირო ელემენტი მიეწოდოს. ვიტამინიზაციაა აუცილებელი, რაშიც ჩვენი ფედერაცია მეხმარება.

ოლიმპიადის ლიცენზია კი მოვიპოვე, მაგრამ მხოლოდ ერთ ვიტამინს — თევზის ქონს ვიღებდი, მეტს არაფერს და ამიტომ შენიშვნა მივიღე. არ შეიძლება ორგანიზმის ასე დატვირთვა ვიტამინების გარეშე, თორემ უბრალოდ „გადაიწვები“.

ჯერჯერობით დიდი მოცულობით არ ვვარჯიშობ. რიოსთვის მიზანმიმართულ მომზადებას ოდნავ მოგვიანებით დავიწყებ და აუცილებელ ვიტამინებს მაშინღა ჩავრთავ რაციონში.

© FB/ Dato.Xarazishviliმარათონელი დავით ხარაზიშვილი
მარათონელი დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
მარათონელი დავით ხარაზიშვილი

— როგორ აღდგება სითხის დონე ორგანიზმში გარბენის შემდეგ?

— უშუალოდ დისტანციაზე სითხე აუცილებელია. ყოველი ხუთი კილომეტრის შემდეგ უნდა დალიო. სწორედ ასეთი დაშორებითაა განთავსებული მაგიდები სპეციალური სასმელებით. იმიტომ რომ დაახლოებით 30–35 კილომეტრი დისტანციის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი სრულად იფიტება და თუ სითხეს არ დალევს, უბრალოდ გონწასული დაეცემა.

ბერლინში ჩვენ არ ვიცოდით, რომ საკუთარი სასმელი უნდა გვქონოდა და ამიტომ არც გვქონდა. ეგრეთ წოდებულ VIP–ჯგუფში შემავალ 100–150 სპორტსმენს კი ჰქონდა. მხოლოდ ერთხელ დავლიე წყალი, სადღაც მე–15 კილომეტრზე. არ მახსოვს, რომელი ქვეყნიდან იყო, ერთმა სპორტსმენმა გამიყო საკუთარი წყალი.

— ამან ხომ არ იმოქმედა თქვენ შედეგზე?

— ეჭვი არ არის, იმოქმედა. სითხის უკმარისობის გამო 34–35-ე კილომეტრზე ტემპი დამივარდა. რომ არა ეს გარემოება, სავსებით შესაძლებელია 2 საათი და 14 წუთიც კი მეჩვენებინა.

— მაინც და მაინც წყალი უნდა სვა?

— არა, სჯობს რამე მოტკბო დალიო, იმიტომ რომ ორგანიზმი უკეთესად ირგებს. წყალიც შეიძლება, მაგრამ მაინც და მაინც რეკომენდებული არ არის. წყლით მხოლოდ პირის გამოვლება სჯობს.

— რაც შეეხება კვებას დისტანციაზე?

— იცით, პროფესიონალ მარათონელებს ეს არ სჭირდებათ. შეუძლიათ ბანანი ან რამე სხვა ხილი შეჭამონ, როცა სუპერმარათონს დარბიან (ანუ 50 კილომეტრზე მეტ დისტანციას — ავტ). თუ 3–5 საათი დარბიხარ, ჭამა საჭიროა, მაგრამ 2 საათი და 15–20 წუთი თავისუფლად შეიძლება გაძლება.

— პირველი რეკორდი მარათონში დაახლოებით სამი საათი იყო (1896 წელს). უკვე 20 წლის შემდეგ ის 20 წუთით გაუმჯობესდა. პირველად 2 საათსა და 10 წუთში მარათონი 1967 წელს გაირბინეს და მას შემდეგ რეკორდი მხოლოდ 7 წუთზე ნაკლებით გაუმჯობესდა. ამ დროსათვის მსოფლიო რეკორდი 2 საათი, 2 წუთი და 57 წამია. რატომ არ გამოდის 2 საათამდე ჩამოყვანა?

— არიან სპორტსმენები, რომლებიც სპეციალურად ემზადებიან მარათონული გარბენისთვის 2 საათში. სპეციალურ წვრთნებს ატარებენ, რომლებსაც შეჯიბრებებსაც კი ეძახიან, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.

ჩემი აზრით, ახლა სრულიად არარეალურია 2 საათში გარბენა. თუ მანამდე სპორტსმენს, ვთქვათ, არასრულყოფილი ეკიპირება, ვიტამინების უკმარისობა და რაღაც სხვა უშლიდა ხელს, ახლა მათთვის ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც კი კეთდება. ამიტომ მგონია, რომ 2 საათში დისტანციის დაფარვა — ეს უბრალოდ ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობების ზღვარს სცდება.

სხვა საქმეა, თუ ისეთ სპორტულ ფეხსაცმელს გამოიგონებენ, რომლებიც თავისით ირბენენ (იცინის). შესაძლოა არც ისე კორექტული მაგალითი იყოს, მაგრამ 2 საათში მარათონის გარბენა იგივეა, რაც 9 წამი 100 მეტრიან დისტანციაზე.

ახლა მარათონში ისეთი ვითარებაა, რომ საუკეთესო სპეციალისტები — მწვრთნელებიცა და სპორტსმენებიც — იმაზე ფიქრობენ, რომ შედეგი თუნდაც ერთი ან ორი წამით გააუმჯობესონ. რომელ სამ წუთზეა საუბარი?!

© Sputnik/ Denis Aslanovდავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
დავით ხარაზიშვილი

— რის ხარჯზე შეიძლება დროის გაუმჯობესება მარათონულ დისტანციაზე?

— არსებობს მრავალი კომპონენტი, რის ხარჯზეც შეიძლება შევეცადოთ მაჩვენებლის გაუმჯობესებას. შეიძლება მზად იყო, მაგრამ ვერ აჩვენო ის შედეგი, რომლის იმედიც გაქვს და ისიც შეიძლება, რომ გეგონოს, მზად არ ვარო და მოულოდნელი შედეგი აჩვენო.

ჩვენი შეჯიბრებები ღია ცის ქვეშ, ბუნებრივ პირობებში ტარდება, ამიტომაც პირდაპირ ვართ დამოკიდებულები ამინდსა და კლიმატზე. შეიძლება მზად იყო 2 საათისა და 2 წუთის საჩვენებლად, მაგრამ ამ დროს ქარი ამოვარდეს, ან წვიმა წამოვიდეს და მთელი ძალისხმევა წყალში ჩაგეყაროს.

კიდევ ბევრია დამოკიდებული თავად ტრასაზეც, რომლებიც ჩქაროსნულად და ნაკლებ ჩქაროსნულებად იყოფა. მარათონი — ეს ისეთი დისტანციაა, რომელზეც წინასწარ ვერაფერს გათვლი. ძალიან დიდი მანძილია და ათასი რამე შეიძლება მოხდეს.

— გამოდის, რომ ბერლინის ტრასა ყველაზე სწრაფია?

— კი, იმიტომ რომ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ბოლო ექვსი მსოფლიო რეკორდი სწორედ ბერლინშია დამყარებული.

ბერლინში რომ ვიყავი, ერთი ცნობილი მარათონელი, საუკეთესო მსოფლიოში, კენიელი ელიუდ კეპჩოკე ემზადებოდა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად და საამისოდ ყველა შანსი ჰქონდა. მაგრამ ტრასაზე სპორტული ფეხსაცმლის საფენები ამოუცვივდა და „სულ რაღაც“ 2 საათი და 4 წუთი აჩვენა. ყოველ შეთხვევაში, თვითონ ამას აბრალებდა, უკეთესი დრო რომ ვერ „დადო“.

— ბრაზილიაში ოლიმპიადის დაწყებამდე ხომ არ ჩახვალთ ტრასის გამოსაცდელად?

— არა, არა მგონია. საერთოდ არ ვფიქრობ რომელიმე მარათონში მონაწილეობას ოლიმპიადამდე. ორიოდე კვირის წინ პორტუგალიაში ვიყავით შეკრებაზე, ლისაბონში და იქ ნახევრად მარათონი ვირბინე.

საკმაოდ კარგი შედეგი მქონდა — 1 საათი და 7 წუთი.
15 მაისს რიგაში იმართება ნახევრად მარათონი და იქაც ვგეგმავ მონაწილეობას. ეს იქნება ჩემი ბოლო გარბენი ოლიმპიადის წინ.

© FB/ Dato.Xarazishviliდავით ხარაზიშვილი - საქართველოს ისტორიაში პირველი მარათონელი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა.
დავით ხარაზიშვილი - საქართველოს ისტორიაში პირველი მარათონელი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა. - Sputnik საქართველო
დავით ხარაზიშვილი - საქართველოს ისტორიაში პირველი მარათონელი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა.

— რას უსმენთ ვარჯიშისას?

— თუ კროსს გავრბივარ და თანაც მარტო, აუცილებლად ვუსმენ მუსიკას. საქართველოში, სამწუხაროდ, ერთი დონის მარათონელების ისეთი რაოდენობა არ გვყავს, რომ ჯგუფურად ვივარჯიშოთ და ტემპში ფეხი შემიწყონ.

— ჯგუფურად სირბილი უფრო იოლია?

— რა თქმა უნდა. ჯგუფურად სირბილი — ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრი კი არა, საყოველთაოდ აღიარებული ნორმაა — ბევრად სასარგებლოა მარათონელისთვის. თუმცა ამ დროს ერთი დონის მორბენლები უნდა იყვნენ, რომ ტემპში სხვაობა არ იგრძნობოდეს.

ჩვენ ყოველთვის პულსომეტრით ვვარჯიშობთ და მასზე დაყრდნობით ვუმატებთ ან ვაგდებთ ტემპს.

რაც შეეხება მუსიკას, ყველაფერი იმ წუთებში კონკრეტულ სავარჯიშოზეა დამოკიდებული. ამიტომ შემიძლია რაიმე სწრაფსაც მოვუსმინო და შედარებით ნელსაც.

— თილისმა თუ გაქვთ?

— არა, არ მაქვს. ერთი კია, ყოველი ვარჯიშის წინ პირჯვარს ვიწერ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. იგივეს ვაკეთებ ვარჯიშის ბოლოსაც.

— როგორ ისვენებთ, სტრესს როგორ იხსნით?

— დასვენება რასაც ჰქვია, უკვე თითქმის ხუთი წელია, არ დამისვენია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყოველდღე ვვარჯიშობ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ვარ — მთებში, ზღვაზე თუ სად, მაინც ყოველდღე ვვარჯიშობ, რომ ფორმა არ დავკარგო. დღეში მხოლოდ ერთ პატარა კროსს თუ ვირბენ — ეს უკვე დასვენებაა.

ისე კი, ძალიან მიყვარს ზღვა და ცურვა და ვცდილობ, თავისუფალი დრო სწორედ ზღვაზე გავატარო.

— რატომ მაინც და მაინც სირბილი?

— სულ ჩემი სპორტული ოჯახის ბრალია. მამაჩემი, ოლეგ ხარაზიშვილი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, სსრკ–ის მრავალგზის ჩემპიონი და საქართველოს რეკორდსმენი იყო. სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მერე კანადაში მუშაობდა და იქ წვრთნიდა ახალგაზრდებს.

ასე რომ, მძლეოსნობაში დაბადებიდან ვიყავი ჩართული. მამაჩემის მედლებისა და მიღწევების შემხედვარეს, მეც მინდოდა რამისთვის მიმეღწია.

თუმცა ჩემი პირველი სპორტი ფეხბურთი იყო. სადღაც 6–7 წლიდან 13–14 წლამდე ვვარჯიშობდი ფეხბურთში და სწორედ მაშინ გადავწყვიტე მძლეოსნობაზე გადამერთო ყურადღება. მამაჩემი საქართველოში არ იყო და მის უახლოეს მეგობართან, თენგიზ გელდიაშვილთან დავიწყე ვარჯიში. სამი წელი მავარჯიშებდა.

მერე მამაჩემი ამერიკიდან დაბრუნდა და მასთან განვაგრძე მუშაობა. ახლა უკვე ერთი წელია, რაც ალექსანდრ პროკოპჩუკთან ვვარჯიშობ, რომელიც მამაჩემთან ერთად ადგენს მომზადებისა და შეჯიბრებების გეგმას.

პროკოპჩუკი რიგაში მავარჯიშებს, მამა — აქ, თბილისში. ამიტომ ხშირად მიწევს ლატვიაში მგზავრობა. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ წელს იქ ვატარებ, ნახევარს — აქ.

ყველანაირ პირობას მიქმნიან და ძალიან მინდა ყველა იმ ოცნებას შევასხა ხორცი, რომლებიც მამამ ვერ აიხდინა.

— თუ ტოპ–სპორტსმენი არ ხარ, მძლეოსნობით ფულის შოვნა შეიძლება?

— თუ რეალურად ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ჯერ რთულია ბერლინის ან ბოსტონის იმ მარათონელთა შორის მოხვედრა, რომლებზეც საპრიზო ფონდი ნაწილდება. 

მაგრამ მსოფლიოში არსებობს სხვა მარათონებიცა და ნახევრად მარათონებიც — შესაძლოა არც ისე პრესტიჟული, მაგრამ მაინც. მათი საპრიზო ფონდი ნამდვილად არ არის 150 ათასი დოლარი, მაგრამ 35–50 ათასი დოლარი კი არის და გამარჯვებულის დრო 2:20–დან 2:25 საათამდე მერყეობს.

მაგალითად, ამერიკაში ყოველწლიურად იმდენი მარათონი ტარდება, რომ 2:15–2:16–იანი შედეგით რამდენიმე შეჯიბრებაში 150–200 ათასი დოლარის მოგება შეიძლება.

თანამედროვე მძლეოსნობაში ფულის შოვნა ყველაზე იოლი მარათონშია. ის არ შედის ეგრეთ წოდებულ ოქროს ლიგაში, მაგრამ ამასთან მთელი რიგი კომერციული და სპონსორული გარბენები ტარდება, რომელშიც სოლიდური საპრიზო ფონდებია დაწესებული.

© Sputnikდავით ხარაზიშვილის ავტოგრაფი
დავით ხარაზიშვილის ავტოგრაფი - Sputnik საქართველო
დავით ხარაზიშვილის ავტოგრაფი

— რა არის ყველაზე რთული მარათონში? რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მარათონელი გახდეს?

— ყველაზე მთავარი მარათონელისთვის — ეს მარათონელის ნიჭია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს ვარჯიშობ, ვისთან ვარჯიშობ — თუ  მიდრეკილება და ნიჭი არ გაქვს, მაღალ შედეგს ვერ მიაღწევ.

მარათონელი უნდა იყო ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ამასთან, მზად უნდა იყო, რომ ძალიან ბევრი შრომა და ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწევს. თუ აქედან რომელიმე კომპონენტი არ გაქვს, მაღალი მიზნების მიღწევა გაგიჭირდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული.

ძალიან ხშირად და ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა, იმიტომ რომ დროის უმთავრესი ნაწილი ვარჯიშს მიაქვს და მხოლოდ ძილისა და ჭამისთვისღა მრჩება დრო. მოკლედ, ყველაფერი გამარჯვების სამსხვერპლოზე უნდა მიიტანო.

ყველა ახალი ამბავი
0