თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ ხელი მოაწერა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან (Energy Community) შეერთების ოქმს – გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ქვეყანა ორგანიზაციის ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი გახდება.
„ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს“ სარაევოში, ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში მოეწერა ხელი. სხდომას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ესწრებოდა.
„ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველოს გაწევრიანებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან დაახლოებისათვის და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
„ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს. საქართველომ ევროკომისიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო. ბოლო რაუნდი მიმდინარე წლის მაისის თვეში გაიმართა, რომელიც ნაყოფიერად დასრულდა და მხარეები საერთო პოზიციებზე შეჯერდნენ.
„საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა შექმნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობას“, – აღნიშნეს ენერგეტიკის სამინისტროში.
შეთანხმებას „ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების შესახებ“ ხელი 2005 წლის ოტომბერში ათენში მოეწერა და ის 2006 წლის 1 ივლისს ამოქმედდა.
ენერგეტიკული გაერთიანების მიზანია ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული ბაზრის გამოცდილების გავრცელება სამხრეთ–აღმოსავეთ ევროპაში და შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკულ დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, მაკედონია (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა), მოლდოვა, ჩერნოგორია, სერბეთი და უკრაინა.
ამჟამად „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ დამკვირვებლის სტატუსი აქვთ სომხეთს, ნორვეგიასა და თურქეთს.