თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად რჩება.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანმა საქართველოში 283 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 34%-ს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი – 108 მილიონი დოლარით (13%), ხოლო მესამეზე — თურქეთი 85 მილიონი დოლარით (10,2%).
2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ სულ 834 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით მეტია 2015 წლის იანვარ-ივლისის დაზუსტებულ მონაცემებზე. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიციები ჩაიდო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში — 377 მილიონი დოლარი, რაც 3,3%-ით მეტია 2015 წლის პირველ ნახევარზე.
2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული უცხოური ინვესტიციების 45% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში ფინანსურ სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა 118 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 156%-ით მეტია 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდზე. გასული წლის პირველ ნახევარში ფინანსური სექტორის წილზე ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 14% მოდიოდა.
2016 წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ენერგეტიკის სფეროში 85 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 31%-ით მეტია 2015 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.
ენერგეტიკის სფეროზე 2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 10,2% მოდიოდა.
2015 წლის პირველ ნახევარში, დაზუსტებული მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 754 მილიონი დოლარი შეადგინა.