თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მოლდოვას წინააღმდეგ მზად იქნება. თამაში 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.
„ჯაბა კანკავასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მითხრა. რომ გამოკეთდა და შაბათს უკვე გუნდის („რეიმსის“) შემადგენლობაში იქნება“, – განაცხადა მწვრთნელმა.
ვაისმა ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზეც ისაბრა – ოთარ კაკაბაძესა და ვაკო გვილიაზე, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ ეროვნულ გუნდში პირველი თამაში გამართეს.
„ტრავმები ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. უჩა ლობჟანიძემ, რომელიც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, ტრავმა მიიღო და კაკაბაძეს მიეცა შანსი, რომელმაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. ის და გვილია ნამდვილი სიურპრიზები არიან — ორივე ქართული ფეხბურთის მომავალია. მათ დაგვანახეს, რომ მწვრთნელის ნდობის შემთხვევაში, მზად არიან, ნაკრებს გამოადგნენ“, – აღნიშნა ვაისმა.
შემდეგ ვაისმა აღნიშნა, რომ, თუ შემტევი ნახევარდაცვის ხაზთან დაკავშირებით ნაკრებში ყველაფერი წესრიგშია, გარკვეული პრობლემებია თავდაცვაში.
„არც კი ვიცი, რას გავაკეთებთ, თუ რაიმე მიზეზით გურამ კაშია ვერ ითამაშებს. ამასთან, ხუთ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აქვს და მომავალ მატჩში ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ვაისმა.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უახლოეს შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები მოლდოვის წინააღმდეგ 12 ნოემბერს გამართავს. მოლდოვის ნაკრები D გუფის აშკარა აუტსაიდერია.
„ეს გუნდი დაცვაში საკმაოდ კომპაქტურად თამაშობს, გოლები კი ინდივიდუალური შეცდომების გამო გაუშვეს. ფიფას რეიტინგში მოლდოვასთან ახლოს ვართ. ვფიქრობ, ისინი აქცენტს კონტრშეტევაზე გააკეთებენ. ყველა მეტოქეს პატივს ვცემ და იოლ მატჩს არ ველი“, – აღნიშნა ვაისმა მომავალ თამაშთან დაკავშირებით.
საქართველოს ნაკრები ჩატარებული მატჩების შემდეგ, ერთი ქულით D ჯგუფში მეხუთე ადგილზეა. ჯგუფის ლიდერები არიან სერბეთი და ირლანდია.