უელსი – საქართველო: მატჩის წინ

© ФФГვარჯიში
ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები კვირას, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის ფარგლებში, D ჯგუფში შესარჩევ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი კარდიფში ევრო–2016–ის ბრინჯაოს პრიზიორს – უელსის ნაკრებს შეხვდება.

თუ საქართველოს ნაკრებისა და ირლანდიის შეხვედრების სტატისტიკა კატასტროფულია (რვა მატჩი და რვა წაგება), უელსელებთან ქართველ ფეხბურთელებს ასევე ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ, ოღონდ – საპირისპირო. ეს გუნდები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეს და სამივეჯერ საქართველომ გაიმარჯვა.

ნაკრებები პირველად ერთმანეთს 22 წლის წინ, ევრო–1996–ის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდნენ. თბილისში ქართველებმა მეტოქე 5:0 ანგარიშით გაანადგურეს. ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის ოფიციალურ მატჩებში მოპოვებული ჯერ კიდევ ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

თემურ ქეცბაიას დუბლმა, გიორგი ქინქლაძის, გოჩა გოგრიჭიანისა და შოთა არველაძის გოლებმა საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

სხვათა შორის, უელსელების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კრის კოულმანი ამ შეხვედრის მონაწილე იყო და როგორც მან დღეს მატჩისწინა კონფერენციაზე განაცხადა, „ეს ჩემთვის, ეროვნული გუნდის მაისურში, ყველაზე უარესი მატჩი იყო“.

ამავე შესარჩევ კამპანიაში, საქართველოს ნაკრებმა კარდიფში კვლავ გამარჯვება მოიპოვა, არცთუ ისეთივე შთამბეჭდავი, მაგრამ მაინც – ერთი გოლი მე–19 წუთზე შოთა არველაძემ გაიტანა.

შემდეგ ჯერზე გუნდები 13წლის შემდეგ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელების თაობა უკვე გამოიცვალა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელიც სუონსიში, „ლიბერტის“ სტადიონზე გაიმართა. ქართველებმა კვლავ იმარჯვეს და მატჩი ანგარიშით 2:1 დაასრულეს. გოლები გაიტანეს ლევან ყენიან და ბექა გოცირიძემ. ჯეიმს კუმასის გოლი დღემდე ერთადერთია, რომელიც უელსის ნაკრებს საქართველოს კარში ოდესმე გაუტანია.

„უელსთან დღევანდელი თამაში ჩვენი ბოლო შანსია. საქართველოს ქულების წართმევა ნებისმიერი მეტოქისგან შეუძლია და ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ ცუდად არ ვთამაშობთ. აშკარაა ხარისხის გაუმჯობესება. მაგრამ უნდა გავიტანოთ გოლები და ვეცადოთ, ბალანსი დავიცვათ თავდაცვისა და თავდასხმის ხაზს შორის“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრები სამჯერ შეხვდა უელსს და სამჯერვე გაიმარჯვა, მაგრამ დღევანდელი თამაშის წინ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, აღნიშნა მწვრთნელმა.

„მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბიჭები ღირსეულად ითამაშებენ და ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებენ, რომ ვალიელებს არ დაუთმონ“, – განაცხადა ვაისმა.

ორი ნაკრების ბოლო შეხვედრიდან დიდმა დრომ გაიარა. ეს განსაკუთრებით ეხება უელსის ნაკრებს. წელს კრის კოულმანის გუნდი, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და თან, მესამე ადგილი დაიკავა.

ეს გასაგებიცაა, რადგან გუნდში თამაშობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან გარეტ ბეილი, აარონ რემზი და ჯო ალენი. დღევანდელ თამაშზე კი მხოლოდ ბეილი გამოვა.

„მწვრთნელთან ერთად ვიფიქრებთ, როგორ შევაჩეროთ გარეთ ბეილი. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა, მაგრამ ბეილის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება“, – განაცხადა ქართველმა მცველმა ზურაბ ცისკარიძემ, რომელიც, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ნავალოვსკის სწორედ ბეილის ფლანგზე ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, ტრავმირებული ვაისის გუნდში არავინაა, ამიტომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ კარდიფში იგივე ფეხბურთელები გამოვლენ, რომლებმაც სამი დღის წინ ირლანდიის წინააღმდეგ მატჩი დაიწყეს.

„საქართველოს წინააღმდეგ თამაში რთული იქნება ისევე, როგორც შესარჩევი ციკლის ყევლა მატჩი. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. არ ვიცი, რატომ ელოდება ყველა ჩვენგან სანახაობრივ ფეხბურთს – ჩვენ ექვს კვირაში „ბარსელონა“ ვერ გავხდებით. ჩვენთვის მთავარია დადებითი შედეგი და ანგარიში ტაბლოზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა იცოდნენ და გრძნობდნენ, რომ დღევანდელ დაპრისპირებაში ისინი ფავორიტები არიან“, – განაცხადა კრის კოულმანმა დღევანდელი თამაშის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0