თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება, განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ბოლო შეხვედრა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის პრაღაში 19 ოქტომბერს შედგა. ტრადიციულად, აბაშიძემ და კარასინმა ორი ქვეყნის სავაჭრო–ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ისინი შეთანხმდნენ, რომ მორიგი შეხვედრა 2017 წლის დასაწყისში გაიმართება“, — განაცხადა ზახაროვამ.
რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე მუშაობს, აღნიშნა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
„გაგრძელდება მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. კერძოდ, რუსეთის მთავრობაში განიხილება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის“, — განაცხადა ზახაროვამ.
საქართველოში რუსულ ვიზებზე მოთხოვნილება კვლავ სტაბილურად მაღალია, აღნიშნა მან.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გასამგზავრებლად ვიზები სჭირდებათ.
გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა. პროცესის დაჩქარების მიზნით მიმდინარე წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.