თბილისი, 17 ოქტომბრი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 18–22 ოქტომბერს მეთერთმეტედ გაიმართება მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“.
როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ფესტივალის მიზანია ზნეობრივი და სულიერი ფასეულობებისა და იდეალების განმტკიცება.
„წელს საკონკურსო ფილმების ხარისხის დონე ბევრად გაიზარდა. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, დიდი აქცენტი გავაკეთოთ საქართველოსა და მის თანამედროვე რეალიებზე. გვინდა ვთქვათ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ „წმინდა ანდრიას ჯვარი“ მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალია, ჩვენთვის აუცილებელი არაა, რომ კადრში ჩანდეს მღვდელი და წირვას ატარებდეს. ჩვენ ვაჩვენებთ ფილმებს სიკეთეზე, არაძალადობაზე, ქრისტიანულ ფასეულობებსა და კეთილ ადამიანურ ურთიერთობებზე“, – განუცხადა Sputnik–ს ფესტივალის დამაარსებელმა, კინოოპერატორმა და ასოციაცია „მეოხის“ ხელმძღვანელმა გიორგი გელაშვილმა.
ფორუმში მონაწილეობენ უცხოური სახელმწიფო და დამოუკიდებელი კინო- და ტელეკომპანიები, სტუდიები, ასევე კერძო პირები. სულ ფესტივალში 20 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, რომლებიც წარმოადგენენ როგორც მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ სურათებს, ისე სატელევიზიო და სტუდენტურ პროექტებს.
ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში არიან კინომცოდნე ალექსანდრ დოროშევიჩი, გერმანელი რეჟისორი კატრინ ლაური, არქიმანდრიტი იოსები (ზატეიშვილი) ლიტვიდან, გამოჩენილი ქართველი ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, კინოკრიტიკოსი და კინომცოდნე მარინე კერესელიძე და სხვები.
ფილმების ჩვენებები, შეხვედრები და დისკუსიები კინოს მუზეუმში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „მეოხი“ თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში და დაჯილდოვდებიან მედლებითა და პრიზით „წმინდა ანდრიას ჯვარი“, რომელიც ქართველმა მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.
გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ფესტივალის ბოლო დღეს, 22 ოქტომბერს კინოს მუზეუმში გაიმართება.