თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. იმისთვის, რომ შვილები ბედნიერები იყვნენ, მშობლებმა უნდა დალოცონ ისინი, აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში.
მართლმადიდებლური ტრადიციით, მშობლების მიერ შვილის დალოცვის წესი ასეთია: შვილი უნდა დადგეს მუხლებზე მშობლის და იმ ხატის წინ, რომლითაც უნდა დაილოცოს, ორივე ხელი უნდა დაადოთ თავზე და წაიკითხოთ ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ შვილი ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხოთ და გარდასახოთ პირჯვარი. პატრიარქის განცხადებით, მამამ შვილი ცალკე უნდა დალოცოს, დედამ — ცალკე.
„ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, ეს არის ოჯახის პრობლემა, ეს არის ურთიერთობა, ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. სიმშვიდე არ არის ოჯახებში. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მშობლებს“, — ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორის თქმით, არის შემთხვევებიც, როცა დედა შვილს წყევლის, რაც ძალზე საშიშია და ეს უნდა იცოდეს მშობელმა, ვინაიდან „ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება“. სწორედ ამიტომაა აუცილებელი წინაპართა ტრადიციის გახსენება შვილების დალოცვის თაობაზე.
„მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რაც იყო წარსულში, ჩვენ წინაპრებში და რომელიც მივიწყებულია. ეს არის მშობლების მიერ შვილების დალოცვა, თითოეული შვილის ცალკე ლოცვა. იმისთვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისთვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მას აქვს ძალიან დიდი ძალა“, — ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ ლოცვა, რომლითაც მშობლებმა შვილები უნდა დალოცონ, დაიბეჭდება და მრევლში ბუკლეტების სახით დარიგდება.