თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთაში საზეიმო წირვა აღავლინა და საქართველოს ეს დღე მიულოცა. სვეტიცხოვლობა უფლის კვართისა და ბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის დღესასწაულია.
უფლის კვართი სვეტიცხოვლის საფუძველში ინახება. ამ დღეს აღინიშნება საერო დღესასწაულიც — მცხეთობა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც მოწყვეტილნი არიან დროებით და მალე, ღვთის წყალობით ერთად ვიქნებით. ვულოცავ ოსებს, რუსებს და ყველას, ვინც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. ღმერთმა დაგლოცოთ“, — ბრძანა პატრიარქმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ.
ილია მეორემ ასევე მიტრით დააჯილდოვა ერთ-ერთი მღვდელმსახური, რომელიც სამეგრელოდან სვეტიცხოველში ექვსი დღის განმავლობაში ფეხით მოდიოდა. მან დაახლოებით 313 კილომეტრი გამოიარა.