ფერეიდნელი პაპისგან ნასწავლი ენა და ბატონ ჰოსეინის ქართული ბიბლიოთეკა ირანში

© ნათია ქიმაძის პირადი არქივიპროექტის „ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“ ინიციატორი ნათია ქიმაძე
პროექტის „ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“  ინიციატორი ნათია ქიმაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მასალით Sputnik-ის მკითხველი ექსკლუზიურად შეიტყობს სექტემბერში ქართველების ფერეიდანში მოგზაურობის შესახებ.

პროექტის „ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“ ფარგლებში ჩვენებურებთან ქართული წიგნების ჩატანა მოხერხდა.

მათთვის ყველა ქართველი კეთილია, საქართველო კი სამოთხე. მათ ოცნებაში არსებული საქართველო იმდენად სუფთა და განსხვავებულია, რომ უნებურად იმასაც ფიქრობ, კიდევ კარგი, რომ დღევანდელ სამშობლოს ახლოდან არ იცნობენო…

© ნათია ქიმაძის პირადი არქივიპოეტი და მწერალი მელიქ ონიკაშვილი და ნათია ქიმაძე
პოეტი და მწერალი მელიქ ონიკაშვილი და ნათია ქიმაძე - Sputnik საქართველო
პოეტი და მწერალი მელიქ ონიკაშვილი და ნათია ქიმაძე

თუმცა, საბედნიეროდ, კარგი ამბებიც ხდება: რამდენიმე დღის წინ ფერეიდანში ქართული ბიბლიოთეკა დაარსდა. პროექტის „ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“ საშვილიშვილო საქმის ინიციატორი პროფესიით მხატვარი, თბილისელი ნათია ქიმაძეა.

— ნათია, პირველად ვის გაუჩნდა ფერეიდნელებისთვის წიგნების ჩატანის სურვილი და იდეა?

— საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ვარ. ერთი წელია, რაც ფერეიდანში ქართული წიგნების ჩატანის საქმეს ვუდგავარ სათავეში. ამ ეტაპზე, როგორც იქნა, მოვახერხეთ, რომ წიგნების ნაწილი ჩაგვეტანა. მაქვს ტურისტული ბიზნესი, რომელსაც თითქმის მეხუთე წელია, აქტიურად ვეწევი. ფერეიდნელ ქართველებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მათთვის წიგნებით დახმარება ჩემმა მეგობარმა ნინია ნიკოლეიშვილმა შემომთავაზა. სოციალურ ქსელებში მაშინვე გავხსენი გვერდი, თუმცა, იმედი არ მქონდა, რომ საზოგადოების ასეთ დიდ ყურადღებას მივიქცევდით. ჩემ გვერდზე დავწერე, რომ ფერეიდანში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ქართულენოვანი წიგნების შეგროვება დავიწყეთ.

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე - Sputnik საქართველო
ფერეიდანის სოფელ აფუსის ქართული ტკივილი და 14 აპრილის "შეთქმულები"

პროექტს საფუძველი მიმდინარე წლის იანვარში ჩაეყარა და საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. დღეისთვის ჩვენი ფონდი 500-მდე წიგნს მოიცავს. ქართული წიგნების მსურველთა კონკრეტული ასაკი გამოკვეთილი არ არის, ეს შეიძლება იყოს 6 წლის ან 83 წლის ადამიანი, რაც ძალიან მახარებს. ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენს მკითხველს ვაცნობებ, რომ ამ პროექტის ფარგლებში ფერეიდანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის ქართულენოვანი წიგნების შეგროვება გრძელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

— ცნობილია, რომ სექტემბერში ოცკაციან ჯგუფთან ერთად ფერეიდანს ესტუმრეთ, ვინ იყო ამ ჯგუფის შემადგენლობაში?

— დიახ, 25 სექტემბერს გავემგზავრეთ. ჯგუფის წევრები იყვნენ პედაგოგები, მეცნიერები, ხელოვნებათმცოდნეები, ჟურნალისტები, მომღერლები, მოცეკვავეები და უბრალოდ ფერეიდნელების გაცნობით დაინტერესებული ქართველები. წიგნების შეტანასთან დაკავშირებით საზღვარზე მცირე პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მათი მეოთხედი ნაწილის გადატანა მაინც მოვახერხეთ. 200 წიგნამდე მიგვქონდა.

© ნათია ქიმაძის პირადი არქივიჰოსეინ თავაძე და ნათია ქიმაძე
ჰოსეინ თავაძე და ნათია ქიმაძე - Sputnik საქართველო
ჰოსეინ თავაძე და ნათია ქიმაძე

ამ ხნის განმავლობაში კონსულტაციას გავდიოდით ბატონ ჰოსეინ (არჩილ) თავაძესთან, რომელიც აქტიურად დაგვიდგა გვერდით, რათა წამოწყება საქმედ გვექცია. ადგილზე ჩატანილი წიგნები სწორედ მას ჩავაბარეთ. ასე რომ, ნებისმიერ ფერეიდნელ ქართველს შეუძლია მივიდეს ბატონ ჰოსეინთან და ქართული წიგნი გამოიწეროს. აქვე გეტყვით, რომ ის 40 წლისაა და ქართული ენის მასწავლებელია. 

— რეალურად ვინ გაგიწიათ დახმარება და რისი გაკეთება მოხერხდა?

— აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის სტუდენტებმაც უნივერსიტეტის შესასვლელში დადგეს სკივრი, რომელშიც მოხალისეები ქართულენოვან წიგნებს ტოვებენ და თან ფერეიდნელი ქართველებისთვის წერილებსაც ურთავენ. ამ საქმეში პედაგოგი, მკვლევარი ციური ბერიძე გვეხმარება.

სოფო ონიკაშვილი - Sputnik საქართველო
23 წლის ასაკში 400 წლის ოცნება ავისრულე - თბილისში მცხოვრები ფერეიდნელი გოგოს ამბავი

8 მაისს ქალბატონი ციურის ორგანიზებით გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა ლადო აღნიაშვილის ღვაწლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მეორე ნაწილი ფერეიდნელი ქართველების თემას დაეთმო. ამ ღონისძიებაზე პროექტის „ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“ მონაწილეებს წიგნები გადაეცათ.

გეტყვით, რომ თბილისისა და რუსთავის ბიბლიოთეკებში პატარა მკითხველებისთვის კითხვის საათი მოეწყო. ეს ღონისძიება საინიციატივო ჯგუფების „კოგნიციასა“ (ხელმძღვანელი ქეთი ცუხიშვილი) და „ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“ ორგანიზებით გაიმართა, ბავშვებმა ქართული ზღაპრები წაიკითხეს და თემატური ნახატები დახატეს. რაც მთავარია, თითოეულმა მათგანმა მოიტანა საბავშვო წიგნები, რომლებიც ირანში მცხოვრები ქართველებისთვის საჩუქრად გაიგზავნება.

გარდა ამისა, ფილოლოგ შორენა მამალაშვილის მხარდაჭერით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის „კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა და ჩვენი პროექტის თანამონაწილეობით 8 ივლისს ლაგოდეხში ჩატარდა ფერეიდნელი ქართველებისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება, სადაც საპატიო სტუმრად საქართველოში მცხოვრები და სტუმრად მყოფი ფერეიდნელები იყვნენ მოწვეული.

© ნათია ქიმაძის პირადი არქივინიკა რამიშვილი, არჩილ ონიკაშვილი და ნათია ქიმაძე
ნიკა რამიშვილი, არჩილ ონიკაშვილი და ნათია ქიმაძე - Sputnik საქართველო
ნიკა რამიშვილი, არჩილ ონიკაშვილი და ნათია ქიმაძე

— ნათია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ფერეიდანში ქართული ენის შემსწავლელი სკოლა უკვე არსებობს.

— დიახ, არსებობს და როცა ბიბლიოთეკისთვის წიგნები ჩავიტანეთ, შეხვედრა სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებთან მოვაწყვეთ. მათ შორის 6 წლის მოსწავლეებიც არიან და 30-40-55 წლისანიც. ფერეიდნელი ქართველები ქართული ენის შესწავლას გულმოდგინედ ცდილობენ. ამ მიზნით რამდენიმე წლის წინ იქ ქართული სკოლა დაარსდა. დღეისთვის პრობლემას ქართული წიგნების სიმცირე წარმოადგენს.

— ბუნებრივია, ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრა ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ გამორჩეულად რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ?

— ბატონი მელიქი დამამახსოვრდა. ეს არის ნამდვილი ქართველი ინტელიგენტი, მწერალი და პოეტი, სამშობლოზე შეყვარებული 83 წლის მოხუცი, რომელსაც საქართველოში დაბრუნების იმედი დღემდე არ დაუკარგავს. ჩემი მეგობრების ნიკა რამიშვილისა და არჩილ ონიკაშვილის პაპაა. მათგან ხშირად მესმოდა, რომ პაპის მთელი ცხოვრების ოცნება საქართველოში დაბრუნება იყო. ნიკა თავიანთ ისტორიას ფილმ „ფესვებს“ ადარებს, ქართული რომ ვიცით, ეს სწორედ პაპის დამსახურებააო. ხშირად გვეუბნება, პაპამ საქართველოში ცხოვრება ვერ შეძლო, მე კი აუცილებლად ჩამოვალ და ჩემ ქვეყანაში ვიცხოვრებო. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღეში ის აქ ჩამოსვლასა და ცხოვრებას მართლაც მოახერხებს.

© ნათია ქიმაძის პირადი არქივიფერეიდნელი მოსწავლეები ქართული ენის შემსწავლელ კლასში ქართული წიგნების დარიგების დროს
ფერეიდნელი მოსწავლეები ქართული ენის შემსწავლელ კლასში ქართული წიგნების დარიგების დროს - Sputnik საქართველო
ფერეიდნელი მოსწავლეები ქართული ენის შემსწავლელ კლასში ქართული წიგნების დარიგების დროს

ბატონმა მელიქმა რომ გაიგო ჩვენი იქ ჩასვლის შესახებ, სტუმრად მიგვიწვია. დიდი სიყვარულით შეგვხვდა. მისი წიგნები სპარსულ ენაზეა დაწერილი. სამწუხაროდ, მათი ქართულ ენაზე თარგმნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რამდენიმე ლექსი წაგვიკითხა და თვითონვე გვითარგმნა. ენით აუწერელი შეგრძნება იყო ის რამდენიმე საათი, რაც ბატონ მელიქთან გავატარეთ.

ემოციური შეხვედრები გვქონდა თორელ ქართველებთან. სოფელ აღჩიას მოსახლეობა სიხარულის ცრემლითა და ქართული მასპინძლობით დაგვხვდა. იქ გავეცანით სოფლის მეურნეობას, ტრადიციას და მათ კულტურას, რომელიც სპარსულ-ქართული კულტურის სინთეზს წარმოადგენს. 

— ვიცი, რომ ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში ყველგან ქართული წარწერებია და იქაურებთან შეხვედრა ძალიან ემოციურია.

— კი, ქალაქის ქუჩებში, თითქმის ყველა დაწესებულებაზე ქართული წარწერებია და ყველგან ქართული ლაპარაკი და შეძახილები ისმოდა: „გურჯები ჩამოსულან“, „მოდით ჩონთანა (ჩვენთან)“, „გაუმარჯოს ჩონ (ჩვენს) გურჯებსა!“ „ჩონი წინაპრებიც გურჯები იყვნენ“.

მოდიან, გეხუტებიან, ხელით გეხებიან და თავი სიზმარში ჰგონიათ. ვერ იჯერებენ, რომ „გურჯ ქართველებს“ ხედავენ. ყველა თავისთან გეპატიჟება, ყველას აინტერესებს ამბები საქართველოდან. კითხულობენ, როგორია საქართველო, რას შეიძლება შეადარო. თვითონ კი, რაც ქვეყნად წმინდა და სათნოა, ყველაფერ იმას ადარებენ საქართველოს. მათთვის ყველა ქართველი კეთილია და საქართველო სამოთხედ წარმოუდგენიათ.

ქალაქ ისპაჰანში, მოედანზე სეირნობისას გვერდით რამდენიმე ქალმა ჩაგვიარა, უცებ მესმის ქართულად ნათქვამი: „ნახე, გურჯი ყორები (გოგოები) მოსულან,
(ჩამოვიდნენ) ჩონი (ჩვენი) დიდი საქართველოდან“. ემოცია არ მყოფნის ის სითბო და სიხარული გამოვხატო, რაც იქ განვიცადე.

ეს ყველაფერი ადრე იმათგან მსმენია, ვისაც იქ უმოგზაურია, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი სულ სხვაა… იმ შეგრძნებების ნახევარსაც ვერ გადმოვცემ, რაც იქ ყოფნისას დამეუფლა.

წამოსვლისას მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოსული და ხელის აწევითა და შეძახილებით გვემშვიდობებოდა: „ღმერთს ებარებოდეთ!“ „გვიყვარხართ“, „მალე ჩამოდით ჩონთანა“…

და ყველას თვალზე ორი საქართველოს სიხარულისა და სევდის ცრემლი გვქონდა…

ყველა ახალი ამბავი
0