ფერეიდანის სოფელ აფუსის ქართული ტკივილი და 14 აპრილის "შეთქმულები"

© FB/Marine Beridzeენათმეცნიერი მარინე ბერიძე
ენათმეცნიერი მარინე ბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენათმეცნიერი მარინე ბერიძე ახალ ქართულ მნიშვნელოვან ენათმეცნიერულ პროექტზე, 1978 წლის 14 აპრილის ამბებსა და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებზე საუბრობს.

დამეთანხმებით, სავსებით ლოგიკურია, რომ საქართველოში სწორედ 14 აპრილს გამოქვეყნდება ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსი, რომელიც, ლექსიკონის ან ენციკლოპედიის მსგავსად, ახალი კულტურული რეალობაა.
ამ პროექტის იდეის ავტორი თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების ხელმძღვანელი და პროექტის “საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი” სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე ბერიძეა. მეცნიერი საზღვარგარეთ გავრცელებული ქართული დიალექტების შესასწავლად თურქეთსა და ფერეიდანში ბევრს მოგზაურობს.
ჩვენ შევხვდით ქალბატონ მარინეს და მას ახალი პროექტის მნიშვნელობის შესახებ, 1978 წლის 14 აპრილსა და ფერეიდნელ ქართველებზე გავესაუბრეთ.
– ქალბატონო მარინე, თუ შეიძლება მკითხველს პოპულარული ენით განვუმარტოთ ახალი ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსისა და მისი პრაქტიკული საჭიროების შესახებ?
— უბრალო ენით რომ ვთქვათ, ეს არის ინსტრუმენტი ტექსტების ძალიან დიდი მასივის დოკუმენტირებისა და კვლევისთვის.
შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარი ერთი დიდი,,ქარხანაა", რომელიც ტექსტებს და მათ შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ”ინახავს”.
მარტივად რომ ვთქვათ, ლინგვისტური კორპუსი არის ძალიან ბევრი ტექსტი პლუს მოქნილი საძიებო სისტემა, რომელიც ამ ტექსტების შესახებ როგორც ზოგადკულტურულ, ისე ლინგვისტურ ინფორმაციას მოიცავს.
თითოეული მათგანი სამყაროს ერთი რომელიმე ფრაგმენტის სარკისებური ასახვის საშუალებაა. ენა ხომ სამყაროს მოდელია? კორპუსი კი „სამყაროს მოდელის“ — ენის მოდელია…

© FB/ Marine Beridze ენათმეცნიერი მარინე ბერიძე
 ენათმეცნიერი მარინე ბერიძე  - Sputnik საქართველო
ენათმეცნიერი მარინე ბერიძე

– თუ სწორად გავიგე, ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსი ახალი კულტურული რეალობაა ლექსიკონის ან ენციკლოპედიის მსგავსად?
— დიახ, კორპუსი ახალი დროის ისეთივე აუცილებელი კულტურული ნიშანია, როგორიც ლექსიკონები, ენციკლოპედია, ლიტერატურული მემკვიდრეობა, გერბი, დროშა და ა.შ.
როგორც ვთქვით, ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსი, რომლის საცდელი ვერსიის გამოქვეყნებასაც ვაპირებთ, არის მოქნილი ინსტრუმენტი ქართული სამეცნიერო ტექსტების მრავალმხრივი კვლევისა და ტერმინოლოგიური ლექსიკონების შესაქმნელად. ამ კორპუსის გამოყენება მრავალი სხვადასხვა ფუნქციითაა შესაძლებელი.
როგორც გითხარით, ის ყველა სამეცნიერო დარგის ტექსტების კვლევისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია, თუმცა მასში ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი მასწავლებლის, ბესარიონ ჯორბენაძის საენათმეცნიერო ნაშრომებია განთავსებული.
იმასაც გეტყვით, რომ ამჯერად „სამეცნიერო მეტაენის კორპუსში“ 160000-ზე მეტი სიტყვაა.
– ქალბატონო მარინე, შეიძლება ითქვას, რომ ტექსტების კორპუსი ისეთივე გამოწვევაა, როგორიც ანბანის შექმნა იყო?
— ზუსტად ბრძანეთ. ტექსტების კორპუსი, ყველა სხვა ფუნქციასთან ერთად, აუცილებელი ინსტრუმენტია ენის ტექნოლოგიების შესაქმნელად.
მარტივად გეტყვით: იმ ქვეყნებს, რომლებსაც ენის ტექნოლოგიების დამუშავება პირველი რიგის ამოცანად აქვთ ქცეული, გვერდს აუვლის ჩვენი საუკუნის მძიმე „განაჩენი“ — ეროვნული ენების „ციფრული კვდომა“… ახალი პროექტი ბატონი ბესიკ ჯორბენაძის მოსწავლეების მანანა კობაიძის, ზაალ კიკვიძის, ციცინო კვანტალიანისა და თქვენი მონა-მორჩილის დაგეგმილი და განხორციელებულია.
– ქართული დიალექტების შესასწავლად თქვენ ბევრს მოგზაურობთ. როგორია დღეს საქართველოდან მოწყვეტილი ჩვენი თანამემამულეების დამოკიდებულება დედა ენასთან?
— ირანსა და თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული ენა მათი იდენტობის ყველაზე მკვეთრი ნიშნულია. ამიტომ მისი გაფრთხილება, შენახვა, თაობებისთვის გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
ერთგვარი ხალხური დიდაქტიკური მეთოდებიც კია შემუშავებული დედა ენის ახალგაზრდებისთვის სასწავლებლად: სხვადასხვა ლექსიკური „სავარჯიშოები“ — ჭურჭლის, სოფლების, ხილის… გარითმული ჩამონათვალი, სიმღერები, რომლებიც სოფლის სახელებს ან ისტორიულ ამბებს შეახსენებს ახალგაზრდებს.
უცრემლოდ ვერ მოისმენთ, მაგალითად, სიმღერას, რომელიც ფერეიდანის სოფელ აფუსის მცხოვრებლებისადმი მიმართვაა. შეგახსენებთ, რომ ამ სოფელმა უარი თქვა ქართულ ენაზე და ახლა სპარსულენოვანია:
— აფუსელნო, დედის ენის გამგუებელნო,
 თქვენმა ცხვრებმა არ დაივიწყეს ბღავილი,
 თქვენმა თხებმა – კიკინი,
 თქვენმა ძროხებმა – ბღავილი,
 თქვენმა მამლებმა – ყივილი,
 თქვენმა ქათმებმა – კრას-კრასი,
 თქვენმა ჩიტებმა – ჭიკ-ჭიკი,
 თქვენმა ბულბულებმა გალობა არ დაივიწყეს.
 დედებო, სახლის ბოძებო,
 აფუსელნო, დედას ენის გამგუებელნო,
 მე ხომ ვიცი, დედის ენაზე საუბარს ნატრობთ.
 იმიტომ, რომ ქართული ღმერთის მოცემული ენაა.
 რაც რომ ღმერთის მოცემული იყოს, არ დაიკარგების!..

© FB/ Marine Beridzeგზად ფერეიდნისკენ
გზად ფერეიდნისკენ - Sputnik საქართველო
გზად ფერეიდნისკენ

– ზემოთ პროფესორი ბესიკ ჯორბენაძე ახსენეთ. მან 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის დასაცავად ერთ-ერთმა პირველმა აიმაღლა ხმა, თუ შეიძლება ის დღე გაიხსენეთ.
— დიახ, იგი იყო ერთ-ერთი, ვინც 1978 წლის აპრილში უნივერსიტეტი „საბჭოთა საღათას ძილიდან“ გამოაფხიზლა. 80-90-იანი წლების სტუდენტებს არასოდეს დაავიწყდებათ ეს ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანი, წარმოუდგენელი ენერგიით სავსე, შრომისმოყვარე, პროდუქტიული მკვლევარი, არაჩვეულებრივი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
სამეცნიერო ტექსტების კორპუსის სწორედ ქართული ენის დღეს გამოქვეყნება მის ამ მოქალაქეობრივ ძალისხმევასაც ეხმიანება.
რაც შეეხება იმ ისტორიულ დღეს, 1978 წლის 14 აპრილს მე პირველი კურსის სტუდენტი გახლდით. ბატონი ბესიკი დეკანის მოადგილე იყო. ფაკულტეტზე კონსტიტუციის „განხილვა“ მოეწყო. არავის მიგვიქცევია ყურადღება, რაზე იყო კრება და ამიტომ აუდიტორიაში უხალისოდ შევედით.
კითხვაზე, აბა, ვინ არის მომხრეო, ხელი ავწიეთ და დავიშალეთ. 75-ე მუხლის თაობაზე გვიან გავიგეთ. სასწრაფოდ გაიმართა მეორე კრება, მაგრამ ამჯერად უკვე ვიცოდით, რას ვაპროტესტებდით და რისთვის ვიბრძოდით. მე და ჩემმა დამ (ის მე-5 კურსის სტუდენტი იყო) ერთმანეთს სიტყვა ჩამოვართვით, რომ „ჭკვიანად“ ვიქნებოდით და უნივერსიტეტიდან პირდაპირ სახლში დავბრუნდებოდით. რასაკვირველია, ორივე მიტინგზე აღმოვჩნდით.
მე და ჩემი კურსელები ტარიელ ხარხელაურთან ერთად ვიყავით. ის ჩვენზე ბევრად უფროსი იყო, გვიან ჩააბარა უნივერსიტეტში და უფროსი ძმასავით გვპატრონობდა. მალე პროცესია რუსთაველის გამზირისკენ უზარმაზარი მდინარესავით დაიძრა.
ჩვენ ვცდილობდით, ერთმანეთს არ ჩამოვშორებოდით. გზას მილიციის რაზმები გვიღობავდა. ისინი ჩვენი მამების ტოლები იყვნენ და მათი შვილებიც ჩვენ რიგებში იყვნენ. ისინი ერთხანს თითქოს გვაკავებდნენ, მერე გაწყვეტდნენ ჯაჭვს და ისევ გაგვატარებდნენ. არ ვიცი, ეს რაიმე მითითება იყო თუ მათი უსიტყვო და საიდუმლო თანაგრძნობა, მაგრამ ფაქტია, ისე ჩავაღწიეთ ქაშუეთამდე, რომ მომიტინგეებს რეალური წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. მერე მთავრობის სახლის წინ დიდხანს ვიდექით.
– როგორ მოქმედებდნენ იმ დღეს საბჭოთა საქართველოს მთავრობის წევრები, თუ გამოდიოდნენ ხალხთან?
— მთავრობის წევრები დროდადრო შენობიდან გამოდიოდნენ. მათ შორის ვიქტორია სირაძე დამამახსოვრდა, სხვებიც იყვნენ. მათ 75-ე მუხლის შესახებ ახალ-ახალი ვერსიები გამოჰქონდათ. წაიკითხავდნენ მიკროფონში შემოთავაზებულ ვერსიას და გრგვინავდა მთელი რუსთაველის პროსპექტი: არაა! არააა! – ასე გაილია ნახევარი დღე… ბოლოს ისევ ვიქტორია სირაძე გამოვიდა და თქვა, რომ მიიღეს ის ვარიანტი, რომელიც მომიტინგეებისგან იყო შეთავაზებული. მე ეს ტექსტი არ გამიგონია, თუ არ მახსოვს, არ ვიცი. მარტო ტარიელ ხარხელაური დამამახსოვრდა: ახლაც თვალწინ მიდგას როგორ დაიჩოქა მან და სიხარულის რაღაცნაირი ბღავილი აღმოხდა…
ორშაბათს კი ბატონმა რისმაგ გორდეზიანმა, რომელიც მაშინ უნივერსიტეტის პარტკომი იყო, სტუდენტებს ღირსეული ქცევისთვის მადლობა გადაგვიხადა…
ასეთი იყო ჩვენი 14 აპრილი, დღე, როცა ჩვენ უცებ გავიზარდეთ, ცხოვრება ვისწავლეთ და სამუდამო შეთქმულები გავხდით…

ყველა ახალი ამბავი
0