ამიტომ არიან ჩვენზე გულწრფელები და ჩვენზე ბევრად მართლებიც, საკუთარი თავისა და ღმერთის წინაშეც… თბილისში მცხოვრები ფერეიდნელი სტუდენტი, კარგი ქართველი, სოფო ონიკაშვილი მინდა გაგაცნოთ.
-სოფო, ადამიანს ყველაზე ნათელი მოგონებები ბავშვობიდან მოყვება, თქვენი ფერეიდული ბავშვობიდროინდელი ქართული ამბები გაიხსენეთ…
— დავიბადე ფერეიდანში, ქართული ადათ-წესებითა და სამშობლოს სიყვარულით ვიზრდებოდი. როცა სკოლა დავამთავრე, 23 წლის ასაკში 400 წლის ოცნება ავისრულე და ჩემს მიწა-წყალს დავუბრუნდი… ჩემს მშობლებს კონკრეტული არაფერი მოუყოლიათ და ასე პირდაპირ არაფერი აუხსნიათ. არ უთქვამთ, რომ შენ ქართველი ხარ და სხვა ქვეყანას ეკუთვნიო. ისე როგორც ყველა ქართულ ოჯახში ხდება ჩვეულებრივ ვიზრდებოდი ქალაქ ფერეიდუნშაჰრში, რომელსაც მარტყოფს ვეძახით, სკოლაში შესვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი, ბავშვები, სხვა ენაზე საუბრობდნენ, ენაზე, რომელიც ჩვენ არ გვესმოდა. მერე კითხვა გაგვიჩნდა: რატომ ლაპარაკობენ ბავშვები და მასწავლებლები უცხო ენაზე? და მაშინ კი მივიღე ასეთი პასუხი:,არა, დედა, ეს ჩვენ ვსაუბრობთ უცხო ენაზე და არა ისინი…აქ ირანია და სპარსული კი- მათი ენაა. ჩვენ ვართ ქართველები და ქართულად ვსაუბრობთ. ამ მიწას არ ვეკუთვნით, ფესვები საქართველოდან გვაქვს, იქიდან შაჰ-აბასმა გადმოგვასახლა იძულებითო…
- სოფო, დღეს სამედიცინო უნივესიტეტში სწავლობთ, როგორია სტუდენტობა საქართველოში?…
— უნივერსიტეტში ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ, როგორც სხვა დანარჩენები. აქ ზოგმა არც იცის ფერეიდანის შესახებ, ზოგმა იცის, მაგრამ იქაური ქართველების ცხოვრებით ნაკლებად ინტერესდება. მე უფრო ვცდილობ, დღევანდელი საქართველოს შესაფერისად ვიცხოვრო.
- თქვენ აქ ოჯახი გყავთ, მეუღლეს, სოსო იოსელიანს ირანში აქვს დამთავრებული უმაღლესი და აქაც სწავლობს.
— დიახ, აქ ჩემი მეუღლე და ვაჟიშვილი მყავს. მისთვის ვცდილობ ისეთ გარემოს შექმნას, რაც ნამდვილ ქართველს ეკადრება. ის უნდა აღიზარდოს ქართულად და ემსახუროს თავის ქვეყანას, ამიტომ ირანულ წეს- ჩვეულებებთან, რაც დღეისთვის ფერეიდანშიც ხდება, ნაკლებად გვაქვს შეხება… გაჭირვება ყველგანაა, მეც მიჭირს, განა მარტო აქ. იქაც მიჭირდა, ოღონდ, სხვანაირად… იქ მატერიალურად კარგად ვართ, მაგრამ სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზედმეტი ვარ, არაფერი არაა ჩემი და სუნთქვა მიჭირს.. აქ კი ყველაფერი ჩემი მგონია, რომ დავისაკუთრე… მატერიალურად იმიტომ მიჭირს, რომ მეუღლემ, სამსახური დაკარგა და უმუშევარია. მე კი სწავლის ფული მაქვს გადასახდელი და ვერ ვიხდი, რის გამოც გამოცდებზე არ ვარ დაშვებული… მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მირჩევნია, აქ მიჭირდეს, ვიდრე ირანში მილხინდეს, თუმცა იქ დიდად ვერც ვილხენ ხოლმე… მინდა ჩემი ბავშვი, ლაშა აქ გამეზარდოს და არ იგრძნოს ის, რაც მე გამოვიარე მთელი ცხოვრება, მინდა საკუთარ სახლში იყოს. მერე კი თავის ქვეყანას ემსახუროს და არა სხვას ემონოს…. უფლის იმედი მაქვს და მჯერა, ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ არის…
-რაზე ოცნებობს ფერეიდნელი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს?
— ჩემი ოცნებაა სწავლის დამთავრება, საკუთარი კარიერის აწყობა, კიდევ ბევრი შვილი და მათი სათანადო აღზრდა, როგორიც ნამდვილ ქართველ ადამიანს ეკადრება. რაც ყველაზე მთავარია და რაზეც ყოველდღე ვლოცულობ, ეს არის მიმოფანტული ქართველების სამშობლოში დაბრუნება, საქართველოს გამთლიანება და გაბრწყინება…