თბილისი, 13 ოქტომბერი— Sputnik. ქართველმა მხატვრებმა დაიწყეს ინოვაციური პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს კლინიკების პედიატრიულ განყოფილებებში სახლის პირობების შექმნას გულისხმობს, მოუთხრო Sputnik-ს პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არქიტექტორმა ლელი შევჩენკომ.
პროექტი The home პრინციპით შემუშავდა, რომელიც საზღვარგარეთ წარმატებით გამოიყენება. ახალი კონცეფციის თანახმად, კლინიკაში ყოფნის პერიოდში მყუდრო გარემოს წყალობით ბავშვები სტრესული სიტუაციებისგან მაქსიმალურად იქნებიან დაცული.
ამ მიზნის მისაღწევად 11 მხატვარი გაერთიანდა. მათ მეორე პროფესიაც გააჩნიათ, ისინი არიან არქიტექტორები, ექიმები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, მენეჯერები. შევჩენკოს თქმით, ისინი ბავშვების სიყვარულმა გააერთიანა.
„კედლები, ფარდები, ფანჯრები და ავეჯი, კარების სახელურებიც კი, ყველაფერი სხვადასხვა ფერის ნახატებით ფერადდება. ისეთ დიზაინს ვქმნით, რომ ბავშვებმა კლინიკებში თავი მაქსიმალურად კარგად იგრძნონ", – ამბობს შევჩენკო.
ქართველი მხატვრების პროექტის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შეიცვალოს ადამიანების სტერეოტიპული დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ სამედეცინო დაწესებულებებში აუცილებლად უნდა იყოს მკაცრი და ცივი ფერები დამამძიმებელი გარემოთი და დიზაინით.
„ბავშვებში შიში არაფერმა არ უნდა გამოიწვიოს, არც ერთმა დეტალმა, ეს არის ჩვენი მიზანი. ახლა აქტიურად ვმუშაობთ თბილისის რამდენიმე კლინიკაში, თუმცა მსგავსი სამუშაოების ჩატარებას საქართველოს ყველა პედიატრიულ განყოფილებაში ვაპირებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ", – აღნიშნა შევჩენკომ.
მხატვრები დარწმუნებული არიან, რომ მხიარული სურათები, სხვადასხვა კომპოზიციები და, საერთოდ, არტ-თერაპია იმ ბავშვებზე დადებითად იმოქმედებს, რომლებსაც კლინიკაში 2-3 კვირის განმავლობაში უწევთ ყოფნა.
თუმცა, მუშაობის დროს მხატვრები მათი პროექტისადმი არაცალსახა დამოკიდებულებასაც გადააწყდნენ.
„როდესაც კლინიკებში პატარა პაციენტებისთვის ახალი გარემოს შექმნაზე ვმუშაობდით, ხშირად ჩვეულებრივი ადამიანები შემოდიოდნენ, მათი აზრი ორად გაიყო. ზოგიერთები თვლიან, რომ ყველაფერ ამას არანაირი აზრი არ გააჩნია. კარგია, რომ უმრავლესობა ასე არ ფიქრობს", – დასძინა შევჩენკომ.