სახლი ქალისთვის უნდა იყოს სამყაროს ცენტრი, მაგრამ არა სამყაროს დასასრული...

მარგარეტ ტეტჩერი
მარგარეტ ტეტჩერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, არ არის გამორიცხული, ჩვენ აივანზე ნისლმა შემოიაროს და ცოტა გაწვიმდეს კიდეც. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე ოქტომბერია, არამედ იმიტომაც, რომ დღეს ჩვენი სტუმარია ნისლიანი ალბიონის მკვიდრი, ბარონესა, რომელსაც „რკინის ლედი“ შეარქვეს. თვითონ კი თვლიდა, რომ „იყო ძლიერი – ეს იგივეა, რაც იყო ნამდვილი ლედი. ანუ თუ შენ ამაზე საუბარი და ამის მტკიცება გჭირდება, ესე იგი არ ხარ“. ის იმასაც ამბობდა, რომ ადამიანზე შთაბეჭდილება ექმნებოდა უკვე პირველი 10 წამის განმავლობაში და, როგორც წესი, არ ცდებოდა… ტყუილად კი არ გამოვეწყვე მკაცრ ინგლისურ კოსტიუმში და კლასიკური საშუალოქუსლებიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი. ბოლომდე რომ გულწრფელი ვიყო, ამასაც გაგანდობთ – ეს პატარა ჩანთაც ხელში ასე უნიჭოდ იმიტომ მიკავია, რომ იმავე ბარონესამ ისიც განაცხადა, ქალს რედიკული ხიშტზე მეტად უხდებაო. მართალია, ხიშტის დაკავებას ხელში არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც…

ელეონორა რუზველტი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
მთელი მსოფლიოს პირველი ლედი – ელეონორა რუზველტი

რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ დიდი ბრიტანეთის 71-ე პრემიერ-მინისტრს, პირველ მანდილოსანს, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა და პირველ მანდილოსანს, ვინც საერთოდ ევროპული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი გახდა – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1925 წლის 13 ოქტომბერს.

მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ტეტჩერს. განსაკუთრებით ვაფასებდი მას, მაგრამ, ასე მგონია, რომ მართლა შემიყვარდა და გულით შევიგრძენი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი როლი შესანიშნავად შეასრულა ჩემმა ყველაზე საყვარელმა მსახიობმა მერილ სტრიპმა 2011 წელს ეკრანებზე გამოსულ კინოფილმში „რკინის ლედი“.

სტრიპმა ამ როლის შესრულებისთვის მიიღო „ოქროს გლობუსი“, BAFTA-ს პრემია და „ოსკარი“. ფილმმა კი ასევე მიიღო მეორე „ოსკარი“ საუკეთესო გრიმისთვის. მე, პრინციპში, ეს სულაც არ მიკვირს, რადგან ხელოვნება იმის ხელოვნებაა, რომ იმოქმედოს ადამიანზე და, როგორც ჩანს, თავად მერილმა ამ როლზე მუშაობისას იმდენად შეიგრძნო ტეტჩერი, როგორც პიროვნება, რომ კიდევ უფრო გახსნა მისი სიღრმე და მომხიბვლელობა იმათთვის, ვინც ამ დიდ პოლიტიკოსს იცნობდა მხოლოდ პუბლიკაციებითა და ინტერვიუებით… მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული — თავად მარგარეტ ტეტჩერს არ გამოუხატავს განსაკუთრებული აღფრთოვანება ფილმით ან მერილ სტრიპის თამაშით. კრიტიკოსებისა და მისი ახლობლების აზრით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ფილმის ნახვის დროს 86 წლის ტეტჩერს საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ის უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ფილმის ავტორები მის პირად ცხოვრებაში შეიჭრენ.

ვერიკო ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს მზით სახედამწვარო ანჯაფარიძის ზვიადო ქალო!

მერილ სტრიპის ყველაზე დიდი გაკვირვება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მარგარეტ ტეტჩერს, რომელიც თერთმეტნახევარი წელი ედგა სათავეში დიდ ბრიტანეთს, მისგან განსხვავებით, არ ჰყოლია საკუთარი მზარეული და ის ყოველ საღამოს თავად უმზადებდა ვახშამს მეუღლესა და ორ შვილს.

საერთოდ, მარგარეტ ტეტჩერის, ამ არაორდინალური პიროვნებისა და დიდი პოლიტიკოსის მდიდარ და საინტერესო ბიოგრაფიაში უამრავი გასაოცარი ფაქტია. ის უკვე 12 წლის ასაკში ინტერესდებოდა პოლიტიკით და ესწრებოდა პოლიტიკურ შეკრებებს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ კარიერას გაჰყვებოდა, მან მიიღო მას შემდეგ, რაც წაიკითხა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის წიგნი „გზა მონობისკენ“. ტეტჩერს მიღებული ჰქონდა ორი უმაღლესი განათლება — ის სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ქიმიურ და იურიდიულ ფაკულტეტებზე. სხვათა შორის, ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩასარიცხად მან დამოუკიდებლად და სრულყოფილად შეისწავლა ლათინური ენა.

მარგარეტ ტეტჩერი საღამოს კაბაში
მარგარეტ ტეტჩერი საღამოს კაბაში - Sputnik საქართველო
მარგარეტ ტეტჩერი საღამოს კაბაში

ტეტჩერი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე მწვერვალებზეც ასულა, მაგრამ იმედგაცრუებაც განუცდია. 1980 წელს მისი რეიტინგი 23%-მდე დაეცა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. თუმცა მან ღირსეულად გადაიტანა ეს წარუმატებლობა და 1990 წლის ჩათვლით მართავდა დიდ ბრიტანეთს… დღეს კი აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობილ პოლიტიკოსად მთელ მსოფლიოში. მისი მართვის სტილის დასახასიათებლად პოლიტოლოგიაში ოფიციალურად არის შემოღებული ტერმინი — „ტეტჩერიზმი“. მას სიცოცხლეშივე, 2007 წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დაუდგეს ქანდაკება, რომელიც ზუსტად მისი კერპის უინსტონ ჩერჩილის ქანდაკების პირდაპირ დგას. 

საინტერესოა, რომ ტეტჩერი ყოველთვის მშვიდად აღიქვამდა კრიტიკას. მას ეკუთვნის ერთი ცნობილი გამოთქმა — „ისინი, ვინც არ იღლებიან ჩემი კრიტიკით, ისიც კი რომ დაენახათ, რომ მე ფეხით მივაბიჯებ მდინარე ტემზის ზედაპირზე, მაინც იტყოდნენ, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ცურვა არ ვიცი“. ის ყოველთვის პრინციპული იყო საკუთარ შეხედულებებში და გადაწყვეტილებებში, თვლიდა, რომ ის, ვისაც უნდა რომ ყველას გული მოიგოს, უნდა შეეჩვიოს იმას, რომ მას არაფერი ამ ცხოვრებაში არ გამოუვა.

მონიკა ბელუჩი - Sputnik საქართველო
ვერავინ და ვერასდროს წამართმევს მამაკაცს, რომელიც ბოლომდე ჩემია

ჩემი ამბავი ხომ იცით, ბუნებრივია, აუცილებლად უნდა მომეძებნა ტეტჩერის იუმორის გრძნობასთან დაკავშირებული ფაქტი… მინდა გითხრათ, რომ ვიპოვე კიდეც და მოვიხიბლე. ერთ-ერთ ქვეყანაში, უკვე სოლიდურ ასაკში მყოფი ტეტჩერის ვიზიტის დროს, როდესაც ის ესკორტით აეროპორტიდან ცენტრში მიჰყავდათ, მან გაიხედა ფანჯარაში და მასპინძლებს მიმართა — „ახლა კი დავრწმუნდი, როგორ მელოდით, პლაკატებიც კი გაგიკვრიათ — „მუმია ბრუნდება“, და საჩვენებელი თითი ფილმის აფიშისკენ გაიშვირა.

ტეტჩერი ძალიან გაბედული იყო. 1984 წელს ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ მისი მოკვლა სცადა – ბრაიტონში ააფეთქეს სასტუმრო, სადაც ტარდებოდა კონსერვატიული პარტიის კონფერენცია, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5 ადამიანი. ტეტჩერი არ დაშავებულა, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, რომ მას სასწრაფოდ დაეტოვებინა ინცინდენტის ადგილი, მეორე დღესვე, როგორც დაგეგმილი იყო, მოხსენებით გამოვიდა. 

ბრიტანელებს განსაკუთრებით უყვართ თავიანთი „რკინის ლედი“ და უდიდეს პატივს სცემენ მას. მე კი საოცრად მიყვარს მისი სიტყვები, რომელშიც ჩემთვის გაცილებით მეტი პატრიოტიზმია, ვიდრე სამშობლოს სიყვარულზე ნებისმიერ ხმამაღალ ლოზუნგში:

„ევერესტზე ყველა ადამიანი ადის საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, მაგრამ მწვერვალზე ის ყოველთვის საკუთარი ქვეყნის დროშას აფრიალებს“…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0