საქართველოს მზით სახედამწვარო ანჯაფარიძის ზვიადო ქალო!

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშივერიკო ანჯაფარიძე
ვერიკო ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ის შესანიშნავი დღეა, როდესაც ჩვენ მყუდრო აივანზე გემრიელად შეკრებილები ყველანი ერთად ფეხზე ავდგებით და განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით შევეგებებით დღევანდელ სტუმარს, უდიდეს მსახიობს, საოცარ ქალბატონს ვერიკო ანჯაფარიძეს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 6 ოქტომბერს…

მე კი გულში ისეთი სიამაყე გამკრავს, რომ მისი მოგვარე ვარ, სამწუხაროდ, მხოლოდ მოგვარე. მართალია, მოსკოვში საელჩოში მუშაობის 16 წლის განმავლობაში ყველას ვეუბნებოდი, რომ ზურაბი ჩემი ბიძაა, ხოლო ვერიკო — ბებია, მაგრამ ახლა აქ ხომ ვერავის ვეღარ მოვატყუებ. სამწუხაროდ, ვერიკო ჩემი ბებია ნამდვილად არ არის. თუმცა, შესახედაობით ხშირად მამსგავსებდნენ. გახსოვთ? „თვალი გავს? გავს! ცხვირი გავს? გავს“. ჰოდა თვალიც თუ ჰგავს და ცხვირიც, ესე იგი ვგავარ და ახლა აღარ შემეკამათოთ…

ვერიკო ანჯაფარიძის აქამდე უცნობი ინტერვიუ

მე დღეს ისიც შემიძლია წარმოვიდგინო, რას იტყოდა ქალბატონი ვერიკო, ჩვენ აივანზე რომ ამობრძანდებოდა, მხოლოდ მან რომ იცოდა, ისეთი მედიდური სიარულით და ჩვენ რომ ფეხზე ავდგებოდით… ალბათ, იგივეს, რაც წარმოთქვა 1986 წლის 1 სექტემბერს (5 თვით ადრე გარდაცვალებამდე) თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გამართულ საზეიმო შეკრებაზე —  „თქვენ ფეხზე ადექით… რატომ? (პაუზა) თუმცა, ვიცი, რატომ და სწორია, რომ ადექით. თქვენ ადექით იმიტომ, რომ მე 88 წლის ვარ და აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე, მაგრად ვდგავარ და ეს ფეხზე მაგრად დგომა ასეთი უსასრულოდ გრძელი და ძნელი გზის დამლევს ის საკვირველებაა, რომლის წყაროც, საწყისიც და ახსნაც ისევ და ისევ თეატრია. მე არასოდეს არ მქონია თეატრისგან გამიჯნული არც სახლი, არც კერა, არც მიზანი“.

მითხარით, თუ გაგიგიათ ასე ნიჭიერად და ყოვლისმომცველად, სულ რამდენიმე ფრაზაში ადამიანმა ჩაატიოს მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება? და თანაც რა ცხოვრება!..

© Courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე
სერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე

არავითარ შემთხვევაში არ მივცემ თავს უფლებას, შევაფასო ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძის ნიჭი და ღვაწლი. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი ჩემზე უკეთესად იცით. მე, უბრალოდ, მინდა შემოგთავაზოთ დიდი რუსი მსახიობის ვერა კომისარჟევსკაიას სიტყვები: „ვერიკო ანჯაფარიძე გამოირჩეოდა შესანიშნავი გარეგნული მონაცემებით – განუმეორებელი სილამაზით, უნიკალური ხმით, ის ქმნიდა სცენაზე საოცრად მკაფიო, დახვეწილი ლირიზმით და დამაჯერებელი ფსიქოლოგიური მონახაზით გამსჭვალულ სახეებს. ის შესანიშნავად ფლობდა სამსახიობო ტექნიკას და ფილიგრანულად ქარგავდა როლისთვის აუცილებელ ინტონაციებს, ჟესტებს, მიმიკას. ის ერთნაირად კარგად ართმევდა თავს ყველა ურთულეს როლს“.

რა თქმა უნდა, ასე ლამაზად და პროფესიონალურად ვერასდროს ვიტყოდი, მაგრამ ჩვენგან ერთს მაინც დავუმატებდი: ქალბატონი ვერიკო იყო ბოლომდე ჩვენი, ძალიან ქართულად, ტკივილამდე გულწრფელი და ნიჭიერი. სწორედ ამიტომ მისი ნებისმიერი როლი გვატირებდა და გვაცინებდა, გულს გვწყვეტდა და თანაც იმედს გვაძლევდა და, რაც მთავარია, დაგვაფიქრებდა…

კინორეჟისორი გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
“ცხოვრება სცენარი არ არის, მას თავიდან ვერ გადაწერ, სამწუხაროდ...“

მაგალითად, ჩემთვის ქალბატონი ვერიკოს როლები „გიორგი სააკაძესა“ და „ოთარაანთ ქვრივში“ და მისი „ეპიზოდური როლი“ „მონანიებაში“, ერთნაირად ძვირფასია, ვერც ერთხელ ვერ ვუყურებ ცრემლის გარეშე.

ხშირად მინახავს, ახლოდანაც. რამდენჯერმე მქონდა მასთან საუბრის ბედნიერება. თუ ამას საუბარი ჰქვია. მის გვერდით ვშეშდებოდი და, ალბათ, ფიქრობდა — რა უჟმური ადამიანები გამოერევიან ხოლმე ამ ჩემ გვარშიო. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მაქვს იმედი, რომ ხვდებოდა — ისე ძალიან მიყვარდა და აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ვიბნეოდი და ამას ვერ გამოვხატავდი. ქალბატონ ვერიკოს ეს არ შეეშლებოდა.

© Sputnik/ ედუარდ პესოვიკოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე
კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე  - Sputnik საქართველო
კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე

მე კი ერთხელ ძალიანაც შემეშალა… რაღაც პარტიულ-კომკავშირული ღონისძიება იყო და მითხრეს, პრეზიდიუმში დაიკავე შენი ადგილიო. დავინახე წარწერა „ანჯაფარიძე“ და წამოვსკუპდი პრეზიდიუმის პირველ რიგში, რითიც აშკარად გავაკვირვე ჩემ გვერდით მსხდომი მაღალი პარტიული მუშაკები. 5 წუთში კი შემობრძანდა ქალბატონი ვერიკო და დაიწყო თავისი ადგილის ძებნა. რა თქმა უნდა, ყველაფერს მივხვდი და გავიპარე ჩემი ადგილისკენ, რომელიც სინამდვილეში სადღაც ბოლო რიგებში იყო. სახლში რომ დავბრუნდი და ეს ამბავი მოვყევი, ბებიაჩემმა ალექსანრა ბარათაშვილმა ასე თქვა — რა მოხდა, ვერიკოს მხოლოდ გაუხარდებოდაო.

ვიაჩესლავ ტიხონოვი ფილმში გაზაფხულის 17 გაელვება - Sputnik საქართველო
„გაზაფხულის მე-18 გაელვება“
 

ადამიანი როდესაც მიყვარს, ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, აქვს თუ არა მას იუმორის გრძნობა. გუშინ გადავურეკე ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელ ადამიანს, ბატონ ნოდარ მგალობლიშვილს, რომელიც ქალბატონ ვერიკოსთან ერთად 3 სპექტაკლში მონაწილეობდა და მათ ახლო ურთიერთობები ჰქონდათ. მან გაიხსენა, რომ ვერიკო სულ ეუბნებოდა, შენ იცი თუ არა, რომ ჩემი შვილი ხარო. ბატონი ნოდარი კი პასუხობდა — რანაირად, დედაც ვიცი ვინ არის ჩემი და მამაცო. ორივე უაღესად პატიოსანი ადამიანიაო, რაზეც ქალბატონი ვერიკო ფილოსოფიურად მიუგებდა: პატიოსნება რა შუაშია. ყველაფერი შემთხვევით ხდება ხოლმეო, და ორივეს ეცინებოდა… ისე კი, სცენაზე ქალბატონი ვერიკო ორჯერ იყო ბატონი ნოდარის დედა, ხოლო ერთხელ, სპექტაკლ „შთამომავლობაში“ — ბებია. ბატონი ნოდარი იხსენებს, რომ სპექტაკლის ფინალურ სცენაში ვერიკო, სცენარის მიხედვით, საუბრობს თავის შვილიშვილთან, მერე ოთახიდან გადის და ცოტა ხანში ბატონი ნოდარის გმირს მისი და ატყობინებს, რომ ბებია გარდაიცვალა. ერთხელაც, სცენიდან გასვლის წინ, როცა ბატონი ნოდარი მას აცილებდა, ქალბატონ ვერიკოს მისთვის შუბლზე უკოცნია. ბატონ ნოდარს კი დაუნახავს, რომ მას თვალებში ცრემლი ედგა, თანაც, ასეთი რამ პირველად მომხდარა. ბატონ ნოდარსაც წამოსვლია ცრემლები. მაშინ მან წარმოთქვა სიტყვები, რაც არც ერთ სცენარში არ ეწერა, გულის სცენარის გარდა — ბებიამ და მე ერთად ვიტირეთო…

© photo: Sputnik / Edward Pesovსოფიკო მშობლებთან — მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად
სოფიკო მშობლებთან — მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად - Sputnik საქართველო
სოფიკო მშობლებთან — მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად
 

კიდევ უამრავი ემოცია მინდა გამოვხატო ქალბატონი ვერიკოს მიმართ, მაგრამ, „ვის დავკარგივარ“, როდესაც მას თავად დიდმა ლადო ასათიანმა მიუძღვანა საოცარი სტროფები:

„სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი 

ქალების ეშხი დაგვიფარავდა, 

თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს, 

ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ ― მარაბდა! 

 

მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ, 

ანათებ, როგორც ზღაპრული დალი 

და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე, 

ირხევა შენი ლამაზი ტანი… 

 

მოვმკვდარიყავ და ქართულ ლეჩაქში 

მენახა შენი ქართველი დედი. 

დამაბრმავებდა, ვერიკო, მაშინ 

შენი მიმქრალი შარავანდედი! 

 

ეს ლექსი ჩემ თაობაში ბევრმა იცოდა ზეპირად. მეც მიყვარდა, მაგრამ… კიდევ ერთი ლექსი ვიცოდი, რომელიც ქალბატონ ვერიკოს პოეტმა შალვა ამირეჯიბმა მიუძღვნა, კაცმა, რომელსაც ვერიკო უყვარდა, ალბათ, ყველასგან განსხვავებულად…

კომპოზიტორი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
ჩიტო-გვრიტო, კაცო-მარგალიტო...

„შენ ვარდი ხარ ახლად შლილი, 

გაზაფხულზე რა უნდა ვქნა, 

შენთან ახლოს ყოფნა მინდა, 

მანძილიდან რა უნდა ვქნა, 

 

საიდუმლო ვერსად გითხარ, 

მარტო ჩემთვის რა უნდა ვქნა. 

შენთვის ბევრი სიტყვები მაქვს, 

ნეტავ, მეტი რა უნდა ვქნა,  

 

მზე არა მწვავს, გავიშალო, 

მთვარის შუქზე რა უნდა ვქნა, 

გული შეხვეული დამაქვს, 

გაზაფხულზე რა უნდა ვქნა?“ 

აი ასეთი ორი პოეტი ასეთ ლექსებს როცა დაგიწერს, მთელი ცხოვრება ისეთ კაცი რომ გაღმერთებს, მიხეილ ჭიაურელი რომ იყო, შენი საოცარი ქალიშვილი, უნიჭიერესი სოფიკო თავისი ვარსკვლავის გახსნაზე იმას რომ იტყვის, ეს „ვერიკოს ვარსკვლავიაო“, როცა მთელ საქართველოში ვერ მოძებნი ვერც ერთ ადამიანს, ვინც არ გიცნობდეს და არ ამაყობდეს შენით… 

ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნად ტყუილად არ მოსულხარ და ლამაზად გიცხოვრია.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0