„გაზაფხულის მე-18 გაელვება“

© ria.ruვიაჩესლავ ტიხონოვი ფილმში "გაზაფხულის 17 გაელვება"
ვიაჩესლავ ტიხონოვი ფილმში გაზაფხულის 17 გაელვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, ჩემდა უნებურად, ცოტა უნდა დაგძაბოთ… ისეთი განსაკუთრებული დღეა, რომ აივანზე ჩვენი დღევანდელი შეხვედრა უნდა ჰგავდეს „საიდუმლო სერობას“ და უნდა ჩატარდეს კონსპირაციის ყველა არსებული, მიღებული და ცნობილი ხერხის დაცვითა და გამოყენებით. კერძოდ, ვერავინ უნდა მიხვდეს იმას, რა მიზნით მოდიხართ დღეს ჩემთან სტუმრად. დიდხანს ვიფიქრე და როლები ასე გადავანაწილე: ორი კაცი შეიძლება ამოვიდეს როგორც ჯართის მიმღები, რადგან ისინი ყოველ დილით ჩვენ ქუჩაზე დადიან ხოლმე. ერთმა შეიძლება ითამაშოს მემაწვნის როლი (ოღონდ ნამდვილმა მემაწვნე იოსებმა არ უნდა შეგამჩნიოთ, თორემ ვერანაირი კონსპირაცია ვერ გიშველით). ორი კაცი გამოდგება „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლების როლში, ერთი ინტერნეტის შემკეთებელს განასახიერებს, ოთხი-ხუთი — ნათესავებს. დანარჩენები კი ამ არეულობით ისარგებლებთ და მოუვლით სახლს ჯანელიძისა და ნიკო მარის ქუჩებიდან, ანუ ზემოდან, საიდანაც, აღმართის გამო, ჩემი ბინა 1-ლ სართულზეა და შეგიძლიათ ფანჯრით ისარგებლოთ. ოღონდ, მოწიწებით გთხოვთ, კარგად დააკვირდით ფანჯარას — თუ ზედ იდგება ყვავილის ქოთანი მადაგასკარული ზამიოკულკასით, არ შეგეშინდეთ, შემობრძანდით, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ მის ნაცვლად ფანჯარაზე როდოდენდრონია, არ შეიმჩნიოთ და გააგრძელეთ გზა შეუჩერებლივ, უმჯობესია, სტვენით…

ასეთი განსაკუთრებული სიფრთხილის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ამ დღეს, 1973 წლის 11 აგვისტოს საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა ტელევიზიამ დაიწყო იულიან სემიონოვის სცენარის მიხედვით გადაღებული, ტატიანა ლიოზნოვას შესანიშნავი მრავალსერიანი ფილმის „გაზაფხულის 17 გაელვების“ ჩვენება, რომელშიც რუსი მზვერავი ისაევის (ანუ შტანდანტენფიურერი შტირლიცის) როლს ასახიერებდა ისეთი მომხიბვლელი ვიაჩესლავ ტიხონოვი, რომ, მგონი, ეს ფილმი ომის დროს გერმანიაში რომ ეჩვენებინათ, კაცების რა მოგახსენოთ და, გერმანელი ქალები უყოყმანოდ ჩაბარდებოდნენ წითელ არმიას… წინასწარ.

© ria.ruფილმის რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა
ფილმის რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა - Sputnik საქართველო
ფილმის რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა

სხვათა შორის, მსოფლიოში ცნობილმა მზვერავმა, ბრიტანეთის დაზვერვის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომელიც შემდგომ საბჭოთა კავშირის მხარეზე გადავიდა (არა ტიხონოვის გამო), კიმ ფილბიმ ფილმი რომ ნახა, ბევრი იხალისა და განაცხადა, რომ ისეთი „ჩაფიქრებული“ სახით, როგორიც შტირლიცს აქვს „17 გაელვებაში“, ის ერთი დღეც ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი…

ალბათ, ფილბის, როგორც პროფესიონალს, დაეჯერება, მაგრამ ერთი კი ფაქტია – 12 დღის განმავლობაში მთელი თბილისი ელოდა საღამოს, როდესაც ყველა მიუჯდებოდა მყუდროდ ტელევიზორს და დაიწყებოდა ტარივერდიევის ცნობილი სიმღერა რობერტ როჟდესტვენსკის სიტყვებზე. სხვათა შორის, ამ სიმღერის შესრულებისთვის ნამდვილი ომი იყო გამოცხადებული საბჭოთა ესტრადის მამაკაც მომღერლებს შორის. ბოლოს გაიმარჯვა კობზონმა, მაგრამ, რეჟისორ ლიოზნოვას თხოვნით, მან სიმღერის დროს ხმა ისე შეიცვალა, რომ ვერავინ ცნობდა, თანაც მისი სახელი ტიტრებშიც არ იყო, რადგან, როგორც ახსნეს, სიმღერა ფილმის მონტაჟის მერე დაედო ფირს, ხოლო მონტაჟის დროს შემსრულებლის ვინაობა ჯერ არავინ იცოდა. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაფიქრი იყო და კონსპირაცია ამაშიც უნდა ყოფილიყო.

გინდ დაიჯერეთ და გინდ… მაინც დაიჯერეთ, მაგრამ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომ ფილმის ტრანსლაციის საათებში მთელ ქვეყანაში მკვეთრად მცირდებოდა ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა. სახელმწიფო ტელერადიოკომიტეტის ცნობით, ფილმის პრემიერას უყურა 200-მა მილიონმა ადამიანმა, მისი განმეორებითი ტრანსლაცია კი სულ რაღაც 3 თვეში განხორციელდა, რაც მართლაც არნახული ფაქტი იყო.

საინტერესოა, რომ ფილმი ძალიან მოსწონდა ფიდელ კასტროს და როდესაც მან შეამჩნია, რომ ფილმის ტელევიზიით გაშვების საათებში კუბის მთავრობის მაღალჩინოსნები სხდომებს აცდენდნენ, მან სპეციალურად მათთვის „გაზაფხულის 17 გაელვების“ ერთდღიანი, 14–საათიანი უწყვეტი ჩვენება მოაწყო.

სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფილმში მონაწილეობდა მსახიობთა მთელი თანავარსკვლავედი — როსტისლავ პლიატი, ოლეგ ტაბაკოვი, ევგენი ევსტიგნეევი, ლევ დუროვი, ვლადიმირ გაფტი, ვასილი ლანოვოი. ტექსტს კითხულობდა, თანაც ხაზგასმით საიდუმლოდ, ეფიმ კოპელიანი…

© slavikap.livejournal.comლეონიდ კურავლიოვი და ლეონიდ ბრონევოი ფილმში "გაზაფხულის 17 გაელვება"
ლეონიდ კურავლიოვი და ლეონიდ ბრონევოი ფილმში გაზაფხულის 17 გაელვება - Sputnik საქართველო
ლეონიდ კურავლიოვი და ლეონიდ ბრონევოი ფილმში "გაზაფხულის 17 გაელვება"
 

სხვათა შორის, სწორედ გესტაპოს შეფის მიულერის როლმა მოუტანა პირველი დიდი წარმატება ლეონიდ ბრონევოის. რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა კი გადაღებების დროს ამბობდა, რომ ის გიჟდებოდა ბრონევოის ნერვიულ ჟესტზე, როცა ის უცნაურად ჭიმავდა კისერს. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ბრონევოის, თურმე, საშინლად უჭერდა გახამებული საყელო. ის სრულებით არ ჰგავდა ნამდვილ მიულერს, რომელიც ყოფილა ქერა, თხელი და კეხიანი ცხვირით. სამაგიეროდ ოლეგ ტაბაკოვი ისე ჰგავდა გერმანული დაზვერვის უფროსს შელენბერგს, რომ ფილმის შემდეგ მისი ძმისშვილის წერილი მოუვიდა… გაცნობის სურვილით. ლეონიდ კურავლიოვის აისმანი კი ცალთვალა იმის გამო გახდა, რომ თავიდან მსახიობს ჰიტლერის როლი უნდა ეთამაშა და იმდენად გულდწყვეტილი იყო თავისი „დაქვეითებით“, რომ ოფიცრის როლს სათანადოდ ვერ ასრულებდა და ამიტომ ლიოზნოვამ მას ცალი თვალი დაუფარა, რამაც გარკვეული ინტრიგაც წარმოშვა… 

არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო, რომ ეს ფილმი რომ არა, არ იარსებებდა „წითელი ძახველი“ (Калина красная)… სწორედ კურავლიოვს უნდა ეთამაშა შუკშინის ფილმში Печки-лавочки ლიდია ფედოსეევას ქმრის როლი, მაგრამ მას ძალიან ხიბლავდა ლიოზნოვას ფილმში სერიოზული როლის თამაში და შუკშინი დაარწმუნა, რომ თავად მასზე უკეთესად ვერავინ გაუწევდა პარტნიორობას მისივე მეუღლეს და ასე შეიქმნა დუეტი შუკშინი—ფედოსეევა, რომელმაც შემდგომ “წითელ ძახველში“ გადაინაცვლა. 

ერთი რამეც შევამჩნიე – როდესაც საინტერესო და კარგი ფილმი იქმნება, მასზე მუშაობის პროცესიც არანაკლებ საინტერესოა. ამ შემთხვევაშიც ჩემი ვერსია გამართლდა.

სწორედ ამ კულუარულ, კულისებს მიღმა პროცესს ვუწოდე „გაზაფხულის მე-18 გაელვება“, და ამ მე-18 გაელვებაში იმდენი საინტერესო ეპიზოდია…  

აბა, როგორ არ მოგიყვეთ, რომ ეპიზოდებში, სადაც შტირლიცი ასანთებისგან აწყობს ფიგურებს, გადაღებულია ფილმის მხატვრის ფელიქს როსტიცკის ხელები, რადგან ტიხონოვს ხელის მტევანზე ჰქონდა ტატუ — СЛАВА, რომელსაც ვერანაირი გრიმი ვერ ფარავდა. ასევე როსტიცკის ხელებია გადაღებული იმ ეპიზოდში, სადაც პროფესორი პლეიშნერი წერს საიდუმლო შიფრს. არა, ევსტიგნეევს ტატუ არ ჰქონდა, მაგრამ ისეთი საშინელი ხელწერა ჰქონია, რომ ლიოზნოვამ მე-10 დუბლზე „ხელები შეუცვალა“… 

ამ ადგილზე დავასრულებ, თორემ სამსახურში ნამდვილად დაგაგვიანდებათ.

იმედია, გაგახსენდათ ჩვენი ბავშვობა და ახალგაზრდობა, როდესაც ფილმს ვუყურებდით მთელი ოჯახით, და მაშინ კი არა, როცა გვინდოდა, არამედ, როცა ტელევიზორში გადიოდა. ისევე, როგორც ტელეფონით საყვარელი და მონატრებული ადამიანის ხმის გასაგონად მობილურს კი არ ვიღებდით ჯიბიდან, სახლში გავრბოდით, ტელეფონის ზარისთვის რომ მიგვესწრო… 

და, რაღა თქმა უნდა, ცრემლად ვიღვრებოდით კაფე ELEPHANT-ში შტირლიცის და მისი მეუღლის ცნობილ სცენაზე… 

გისურვებთ თბილ, მზიან და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0