ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი გარემონტდა

© FB / Министерство культуры Грузииნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკო ნიკოლაძის სახლი თავად მის მიერ გაშენებული უნიკალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი გარემონტდა.

სახლ-მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები 2015-2016 წლებში განხორციელდა. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და ისტორიული ძეგლების დაცვისა და გადარჩენის ფონდმა დააფინანსეს.

სახლ-მუზეუმის რესტავრაციის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდა. გარემონტდა ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო ნაგებობა, თავლა, ნალია, ჭა ქარისძრავიანი სატუმბით, ჭა არქიტექტურული სტრუქტურით, განაცხადეს საქართველოს კულტურის სამინისტროში.

გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ჭყვიშში გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმს რესტავრაციას ჩაუტარებენ

მუზეუმის რესტავრაცია ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის. მომავალ წელს, მესამე ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება დეკორატიულ ბაღსა და ინფრასტრუქტურულ გარემოს: ჭიშკარს, ბილიკებს, განათების ბოძებს.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი 1951 წელს ქუთაისიდან 20 კილომეტრში, რიონის ხეობაში თავად ნიკოლაძის მიერ გაშენებული უნიკალური პარკის ტერიტორიაზე გაიხსნა.

სამუზეუმო კომპლექსის ძირითადი ნაწილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია ღვინის მარნით, რომელიც 1886 წელს გაკეთდა, შემდეგ კი ორჯერ გადააკეთეს. შენობას საბოლოო სახე 1910 წელს შვედი არქიტექტორის ჰენრიხ ფრიკის პროექტმა მისცა.

სახლ-მუზეუმს მისი არსებობის განმავლობაში კაპიტალური რემონტი ხუთჯერ ჩაუტარდა. ბოლოს ის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით 2003 წელს გაარემონტეს.

რესტავრატორები მე-VII საუკუნის ჯვრის მონასტრის გადარჩენისთვის იბრძვიან - Sputnik საქართველო
რესტავრატორები მე-VII საუკუნის ჯვრის მონასტრის გადარჩენისთვის იბრძვიან

მუზეუმში ინახება ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის ნივთები: ავეჯი, მდიდარი ბიბლიოთეკა, ფოტოები, დოკუმენტები, იმ ეპოქის უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ნიმუშები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძემ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანა, მათ შორისაა ფოტოაპარატი „კოდაკი“, სარეცხი მანქანა, მზის საათი, ასევე თავად ნიკოლაძის მიერ შექმნილი ქარის ძრავა.

ნიკო ნიკოლაძე (1843-1928), პირველ რიგში, ცნობილია თავისი წვლილით ქართული ლიბერალური ჟურნალისტიკის განვითარებაში და თავისი დროის მსხვილ ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებში მონაწილეობით. მე-19 საუკუნის ბოლოს ნიკოლაძემ თავი სარკინიგზო და ნავთობის საწარმოებს მიუძღვნა, ქალაქ ფოთს 12 წელი ედგა სათავეში. დღევანდელი ფოთის სახე — ეს, დიდწილად, ნიკო ნიკოლაძის დამსახურებაა.

ყველა ახალი ამბავი
0