თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკური გარემო საქართველოში თავისუფალია ისე, როგორც არასდროს, ამიტომ საპარლამენტო არჩევნების შედეგი, დიდი ალბათობით, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცხადი არ იქნება — ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მეორე ტურია მოსალოდნელი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატობისთვის 8 ოქტომბერს 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები იბრძოლებენ.
„ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ იგი ტარდება უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რათა თითოეულ თქვენგანს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. მაგრამ მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა“, — განაცხადა უსუფაშვილმა.
ამ არჩევნებს კიდევ ერთი განსაკუთრებულობა აქვს — საარჩევნო სისტემიდან და პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსიდან გამომდინარე, 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესი კი არ დამთავრდება, არამედ დაიწყება, განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრის მეორე ტურია სავარაუდო.
„ეს ნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა, ხვალ, საღამოს მდგომარეობით, ბოლომდე ცხადი არ იყოს მომავალი პარლამენტის პოლიტიკური კომპოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას, სახელმწიფოს, მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი იმისთვის, რომ 8 ოქტომბრიდან მეორე ტურის გამართვამდე ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია, არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან, ასევე, განმარტა, რომ ამჟამინდელი პარლამენტი თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს მანამ, ვიდრე ახალი მოწვევის პარლამენტი არ შეიკრიბება.
„მთავრობა და სახელმწიფო დაწესებულებები, ყველა არის სრულფასოვანი იმისთვის, რათა გააგრძელოს ქვეყნის მართვა. ამიტომ 8 ოქტომბრიდან შემდგომი პერიოდის გავლა — ეს იქნება თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე იმისთვის, რომ ეს არჩევნები დავასრულოთ მშვიდობიანად, სამართლიანად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ“, — განაცხადა უსუფაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პროპორციული სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით.