თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დადგენილია თბილისის ცენტრში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი, განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა.
ინციდენტი სამშაბათს საღამოს მოხდა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე. აფეთქების დროს მანქანაში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო 5 შემთხვევითი გამვლელი საავადმყოფოში აღმოჩნდა.
”შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია. 3 დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში შს სამინისტროს, სუს-ის და პროკურატურის მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდო პირი.
ამჟამად, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”, — განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ამ ეტპაზე გლდანში ეჭვმიტანილის ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.
ეჭვმიტანილი კი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დათო ხეჩუაშვილია. დედამისმა განაცხადა, რომ მი9ს შვილს არანაირი კავშირი არ აქვს ამ დანაშაულთან. მეზობლები ამტკიცებენ, რომ ბოლო დროს დათო ხეჩუაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა.