თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. კატაფალკა, წითელი კუბო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფიტულით და ცოცხები გვირგვინების ნაცვლად — ოპოზიცურმა პარტია „ჩვენმა სამშობლომ“ სააკაშვილის „დაკრძალვის“ სახით აქცია-პერფორმანსი ჩაატარა.
ფიტულიანი კუბო თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მიიტანეს.
წითელ კუბოზე შავი საღებავით დააწერეს ციფრი „5“, ხოლო ცოცხებზე: „საქართველოს მოქალაქეებისგან“, „პოლიტპატიმრებისგან“, „რეპრესირებულებისგან“, „დევნილებისგან“, „ქუჩებში მოკლულებისგან“ და ა.შ.
აქცია-პერფორმანსმა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მომხრის მიხეილ ბასიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც ორგანიზატორები პროვოკაციაში დაადანაშაულა. სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკება შეურაცხყოფაში გადაიზარდა, თუმცა ვითარების განმუხტვა აქციის მონაწილეებმა მალევე შეძლეს.
„ესაა აგენტურა, რომელსაც აქვს დავალება და ისინი ამ დავალებას ასრულებენ“, — განუცხადა ბასიაშვილმა ჟურნალისტებს.
ინციდენტის შემდეგ აქციის მონაწილეებმა საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან გადაინაცვლეს და კუბო შენობასთან დადგეს. მათ აშშ-ს მოუწოდეს, არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.
„სააკაშვილი ამერიკის პროექტია. ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ დღეს ბევრი პარტია ამერიკის ფულზეა დამოკიდებული. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სააკაშვილის პოლიტიკა — ეს წარსულია. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. ჩვენ, უბრალოდ, ვაჩვენეთ, რომ არ გვინდა, ეს პარტია დაბრუნდეს, როგორც სააკაშვილი აცხადებს და იმუქრება… რახან ამერიკის საელჩოს თავისი „შვილობილის“ წაყვანა არ უნდა, ჩვენ მას, უბრალოდ, ნაგავზე გადავაგდებთ“, — განუცხადა Sputnik-ს პარტია „ჩვენი სამშობლოს“ თავმჯდომარემ ზვიად ჩიტიშვილმა.
საქართველოში, ფაქტობრივად, ყველაფერს აშშ-ის საელჩო აკონტროლებს, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააცოცხლა და პოლიტიკურ არენაზე დაბრუნების საშუალება მისცა, აღნიშნა პარტიის წევრმა ტრისტან წითელაშვილმა.
„ის კლავდა ადამიანებს, გაქურდა საქართველოს ბიუჯეტი, და ამის შემდეგ განაგრძო პოლიტიკური ცხოვრება. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებთ აშშ-ს, უარი თქვას სააკაშვილის მფარველობაზე“, — განაცხადა წითელაშვილმა.
მან აშშ-ის საელჩო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
„ახლა აშშ-ის საელჩომ დაიწყო აქტიურად ჩარევა, არჩევნების გაყალბება და უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში დააბრუნოს. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა. ჩვენ დავმარხეთ სააკაშვილი. ის მოკვდა არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ უკრაინის მოსახლეობისთვისაც“, — აღნიშნა წითელაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო მისი ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ დატოვა. თავდაპირველად იგი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, ხოლო შემდეგ კიევში ჩავიდა და უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობების წყალობით ძალიან მალე ოდესის გუბერნატორის პოსტი დაიკავა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სააკაშვილის საქართველოდან წასვლის შემდეგ მის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა.
„ნაციონალურიმა მოძრაობამ“ ოთხშაბათს თბილისის ცენტრში წინასაარჩევნო აქცია გამართა, რომლის დროსაც შეკრებილ ხალხს სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას მიმართა. ის მათ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებასა და სამშობლოში დაბრუნებას დაჰპირდა.