თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საარჩევნო ბლოკის „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი საქართველო“ წარმომადგენლებმა სარფის გამტარ-საკონტროლო პუნქტთან, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს.
პროტესტის მიზეზი გავრცელებული ინფორმაცია გახდა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი თურქეთში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს იმყოფება. ექს-პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება, სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.
„ბლოკის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აპროტესტებენ უკრაინის მოქალაქე, ძებნილი სააკაშვილის საქარველოში ჩამოსვლას და მიმართავენ ხელისუფლებას — თუ ისინი არ მიიღებენ შესაბამის ზომებს, მოსახლეობა თავად გამოუტანს განაჩენს”,- აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანების განცხადებაში.
აქციის მონაწილეებმა სარფის საბაჟოსთან მიიტანეს პლასტმასის ბოთლები და ცოცხები, ასევე პლაკატები წარწერით „არა ნაცებს“.
დღეს სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეური წინამძღოლია. მან საქართველო გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოქმედებისთანავე დატოვა.
მისი გამგზავრების შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ოთხი საქმე აღიძრა და მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა.