პრეზიდენტმა დეპუტატის ავტომობილის აფეთქებას ტერაქტი უწოდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა სავალალო შედეგებზე იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც იმედს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ქმედებებზე დაამყარებს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე გამვლელი კი სერიოზულად დაშავდა.

„ეს არის კრიმინალის ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ, კრიმინალის — პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ეს არის კრიმინალის შეტევა ნორმალურ პოლიტიკურ, დემოკრატიულ პროცესზე“, — განაცხადა მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
ბოკერია: თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში სუს-ის უფროსის მოადგილის ხელი ურევია

მან სინანულით აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკურ ძალებში არიან „თავქარიანი ელემენტები“, რომლებიც დესტაბილიზაციით არიან დაკავებული.

„პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც, სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს ხედავენ, როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერთმანეთთან. ასე ჰგონიათ, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას“, — განაცხადა მარგველაშვილმა. მისი გამოსვლა ტელეკომპანია „იმედმა“ გადასცა.

პოლიტიკოსებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანები საშიში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისა და ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისთვის, არამედ თვითონ მათთვისაც.

„ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებებზე, განწირულია იმისთვის, რომ ისინი, ეს ელემენტები ბოლოს მოგაკითხავენ თქვენ, პოლიტიკოსებს და თქვენთან განახორცილებენ ანგარიშსწორებას“, — დაასკვნა პრეზიდენტმა.

© Sputnik / Alexander Imedashviliკრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ
კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ - Sputnik საქართველო
კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა გააფრთხილა ისინი, ვინც დაგეგმა და ააფეთქა თარგამაძის მანქანა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მან აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და დამნაშავეთა დაკავებისთვის ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.

ინციდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე და „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოცხადებული მიტინგის წინა დღეს მოხდა. არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0