თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, აღნიშნულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, სერიოზულად კი გამვლელები დაშავდნენ.
„ბოლო მონაცემებით, სტაბილური დინამიკა აღენიშნება ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს. 31 წლის მამაკაცს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა და ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.
სტაბილურია 69 წლის ქალბატონის მდგომაროება, რომელმაც აფეთქების შედეგად თავის ტრავმა მიიღო. ამ დროისთვის ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება.
მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება 59 წლის ქალბატონს. ის ტვინის შერყევის დიაგნოზით ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული.
47 წლის მამაკაცს აღენიშნება პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა სხეულის 5-7% ზედაპირზე. ის დამწვრობის ცენტრში იმყოფება.
კიდევ ერთი დაზარალებული, 37 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.
საქმეზე შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“. ეს დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.