თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირთან არსებული ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COPERER) ოთხშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ერთხმად დაუჭირა მხარი, აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ამგვარად, სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ვეროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად მანდატი წარედგინა. მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მერე კი ევროკავშირის საბჭოში დაამტკიცონ.
სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, COPERER-ის თავმჯდომარე პიტერ იავორჩიკი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს და დროულად დაასრულებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების პროცესს.
„დღეს საბჭომ, ქართული რეფორმების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მტკიცე მხარდაჭერა აჩვენა. პრეზიდიუმს სწამს, რომ რეფორმების ეს გზა სწორია და იმსახურებს ნდობას, და ეს უნდა წახალისდეს“, — განაცხადა იავორჩიკმა.
ამჟამად ევროკავშირის საბჭოს სტრუქტურები მუშაობენ უვიზო რეჟიმის ექსტრემალური შეჩერების მექანიზმზე, რომელიც შეეხება ყველა ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში უვიზოდ შეეძლებათ შესვლა. ევროკავშირის საბჭოში დღეს გამოთქვეს მოსაზრება, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამ რეჟიმის ამოქმედებასთან ერთად უნდა დაწესდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ამჟამად ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და მისი სლოვაკი კოლეგის მიროსლავ ლაიჩაკის ბრიფინგი მიმდინარეობს.
საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო.
თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში.