თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.
სავიზო რეჟიმისა და ასევე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საკითხი ტუსკმა და მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად განიხილეს. შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში შედგა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია. ევროკავშირის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასეს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები.
საქართველოს პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო დამკვირვებელია მოწვეული.
საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღებას მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია შეეწინააღმდეგნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.
ამ ეტაპზე მოსალოდნელია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტის მომზადება. ტექსტი უნდა შეაჯერონ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის კავშირის წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ — დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.
თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.