თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი მალე დასრულდება, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში ვიზიტის მსვლელობისას ევროკავშირში სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენელთან პიტერ იავორჩიკთან გამართა შეხვედრა.
იავორჩიკმა აღნიშნა, რომ საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრებს შორის და თავჯდომარე ქვეყანა მუშაობს ყველა საჭირო პროცედურის წარმატებით და დროულად დასრულების მიმართულებით.
ჯანელიძემ იავორჩიკს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე სიტყვით გამოვიდა ევროპის პოლიტიკის ცენტრისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს შეეხო. მხარეებმა ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შედეგებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და ძალისხმევა.
ევროკავშირის პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მიმართულია ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. აქედან სამმა სახელმწიფომ (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
ჯანელიძის ვიზიტი ბრიუსელში 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სლოვაკეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისიდან გახდა. ამ პერიოდში ქვეყანა აპირებს იმუშაოს ევროკავშირის ერთიანობაზე, მიგრაციის პრობლემების გადაჭრაზე, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე.