თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა და მათ ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ ვერ დაიცვა ისინი.
„მე ბოდიში მოვუხადე ჩვენს დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა. მადლობა ვუთხარი პერსონალს, რომ ასე ყურადღებით მკურნალობენ ავადმყოფებს“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა შსს-ს თანამშრომლებს მოვალეობების უფრო აქტიურად შესრულებისკენ მოუწოდა.
„მინდა მივმართო კიდევ ერთხელ სამართალდამცველებს. ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დაძაბულ ვითარებაში განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისგან, ვინც მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში აფეთქებს“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აფეთქების შემდეგ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერიოზულად დაშავდა ხუთი ადამიანი, რომლებიც აფეთქების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.