თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თრგამაძემ, რომელიც სამშაბათს საღამოს საკუთარ მანქანაში თავდასხმის ობიექტი გახდა, ტელეკომპანია რუსთავი 2"-ის ეთერში თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.
„ჩემი მძღოლი მართავს საჭეს, მე ყოველთვის წინ ვჯდები და ეს ვერ გაითვალისწინეს(ტავდამსხმელებმა — რედ.შენ), წავედით ჩვეული მარშრუტით. კოლმეურნეობის მოედანზე მოხდა ეს ყველაფერი. თავიდან მეგონა წინიდან გვესროლეს, მერე რომ გადმოვედით ვნახეთ, რომ მანქანის უკანა მხარე სულ მოგლეჯილი იყო… დარწმუნებული ვარ უკანა ნაწილში იყო აკრული ან ჩადებული ასაფეთქებელი ნივთიერება. ასევე დარწმუნებული ვარ რომ უკან მოგვყვებოდა მანქანა, საიდანაც დისტანციურად მოხდა აფეთქება. ვწუხვარ, რომ ჩემს გამო გამვლელები დაშავდნენ და იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდებიან“, — თქვა გივი თარგამაძემ.
დეპუტატმა მომხდარში მმართველი პარტია და სუს-ი დაადანაშაულა.
მე მივმართავ პოლიციელებს — როგორც კი ამ ხელისუფლებას 8-ში გავისტუმრებთ, მათ ექნებათ საშუალება ნორმალური მუშაობის და ვთხოვ ეს ფაქტი ობიექტურად გამოიძიონ, თქვა გივი თარგამაძემ. მან იმედი გამოთქვა რომ სულ რაღაც ერთ თვეში პოლიცია ახალი ხელისუფლების პირობებში შეუდგება გამოძიებას და საქმე სრულად იქნება გამოძიებული.
"სულ რომ ჩემი ლიკვიდაცია მომხდარიყო ჩვენ იმდენი ვართ, რომ ეს საქმე (ხელისუფლების ცვლილება — რედ.შენ.) მაინც მივა ბოლომდე" — თქვა თარგამაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომანქანა დაახლოებით საღამოს 22:30 წუთზე თბილისის ცენტრში, კოლმეურნეობის მოედანზე აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ასევე დაშავდა ახლოს მდებარე 15-მდე ავტომანქანა და მაღაზიების ვიტრინები. თავად დეპუტატმა და მისმა მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.