თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში კოლმეურნეობის მოედანზე ყოფილი მმართველი პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს, — იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლოს მყოფი 15-მდე ავტომანქანის საქარე მინები, სუპერმარკეტის შუშები და სამი შემთხვევითი გამვლელი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.თავად დეპუტატმა და მისმა მძღოლმა, რომლებიც ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
გივი თარგამაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება, რომ აფეთქების დროს მძღოლთან ერთად თავადაც იმყოფებოდა ავტომანქანაში.
„გამოვედით ჩვენო ოფისიდან მძღოლთან ერთად, გამოვიარეთ დაახლოებით ერთი კილომეტრი და მერე მოხდა აფეთქება“ — განუცხადა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს.
მან ვარაუდი გამოთქვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მანქანის უკანა ნაწილში იყო დამონტაჟებული და მისი მოქმედებაში მოყვანა დისტანციურად მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით თარგამაძის ავტომობილს მთლიანად მოგლეჯილი აქვს უკანა ნაწილი.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.