თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ექს-თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელზეც კვირას თავდასხმა განხორციელდა, ბრალი დასდო მმართველი პარტიის — „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველოს“ დისკრედიტაციის მცდელობაში“.
გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმა კვირას განხორციელდა, მაშინ, როცა ის ამომრჩეველს ხვდებოდა. დაჭრილია ოქრუაშვილის მცველი და პარტიის აქტივისტი.
ოქრუაშვილმა თავდასხმაში მმართველი პარტიის მომხრეები დაადანაშაულა. კერძოდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძის ცოლის ძმა — გიორგი არეშიძე.
„მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაადგინონ დამნაშავეები…არასწორია როცა ბატონი ოქრუაშვილი წინასწარ დებს ბრალს კახა კალაძესა და მის ახლო ნათესავებს. ვფიქრობ ის ამას განზრახ აკეთებს მმართველი გუნდის დისკრედიტაციისათვის“, — განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
„ქართული ოცნების“ აქტივისტები მონაწილეობდნენ თავდასხმაში და ბუნებრივია რომ ბრალდებები მათი მისამართით ისმის და არა სხვა პოლიტიკური პარტიის მისამართით, აცხადებს ოქრუაშვილი.
„პოლიციისათვის წამზომი ჩართულია. არ ვაპირებ წამზომის გადაწევას და რეჟიმის დაჩქარებას, მაგრამ მათი დრო გადის“, — თქვა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილმა მანამდე დაასახელა ერთ-ერთი თავდამსხმელი — არა ერთხელ ნასამართლევი ალექსანდრე ინდუაშვილი.
„თუკი არჩევნებამდე ეს კაცი არ იქნება დაჭერილი, ეს იქნება მკაფიო გზავნილი იმ კატეგორიის ადამიანებისათვის, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ მხრიდან — ნუ გეშინიათ ბიჭებო, ყველაფერი იქნება კარგად“, — თქვა ოქრუაშვილმა.
იმ შემთხვევაში თუ ინდუაშვილი არ იქნება დაკავებული, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თავისი წესებით იმოქმედებს.