ოქრუაშვილმა მასზე თავდამსხმელები დაასახელა

© photo: SputnikUne arme
Une arme - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამომრჩევლებთან შეხვედრის მსვლელობისას ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს. სროლის შედეგად დაიჭრნენ მისი დაცვის წევრი და აქტივისტი.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაასახელა პირები, რომლებიც თავს დაესხნენ მას და მის მხარდამჭერებს. ერთ-ერთი მათგანი სხვადასხვა დანაშაულისთვის მანამდე არაერთხელ ნასამართლევი ალექსანდრე ინდუაშვილი იყო. 

თავდასხმა გორის რაიონის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატზე ირაკლი ოქრუაშვილზე კვირას, საღამოს მოხდა, მაშინ, როცა იგი თავის ამომრჩევლებს ხვდებოდა. დაჭრილია ოქრუაშვილის დაცვის წევრი და ერთ-ერთი აქტივისტი, რომლებიც გორის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. 

„დილიდან გორის ერთ-ერთ უბანში საარჩევნო რეჟიმში ვაწარმოებდით შეხვედრებს ჩვენ აქტივისტებთან ერთად. „ქართული ოცნების” ერთ-ერთი კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბიძე დილიდან ცდილობდა ჩვენი სხვადასხვა შეხვედრის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდა. ბოლოს, მეოთხე თუ მეხუთე შეხვედრაზე მან მოიყვანა მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანის დაჭრაზე, იარაღის უკანონო ტარებაზე არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში. მას ჰქონდა სურვილი „აერია“ ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა. ჩემი დაცვის თანამშრომლებმა საკმაოდ კორექტულად და დელიკატურად აუხსნეს, რომ მას ეს არ გამოუვიდოდა. ბოლოს შეხლა-შემოხლის შედეგად მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა მოახდინა, როგორც ჩემი, ასევე ჩემი დაცვის წევრების მიმართულებით. დაჭრილია ჩემი დაცვის ერთი წევრი და ჩვენი ერთ-ერთი კოორდინატორი”, — განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში. 

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე თავდასხმისას ორი ადამიანი დაიჭრა

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გორში ბოლო თვეების მანძილზე განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა კრიმინალური ელემენტების ჩართვა საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, ამას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის კახი კალაძის ცოლისძმა ხელმძღვანელობს, რომელიც გორში ბოლო დროს გააქტიურებულ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევს. 

ოქრუაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, დროულად დააკავონ დამნაშავეები, ხოლო „ქართულ ოცნებას“ – პასუხისმგებლობა აიღოს მომხდარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი, შესაძლოა, „საქმის გარჩევებში“ გადაიზარდოს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ორი ადამიანის დაჭრაში დამნაშავე პირების იდენტიფიცირება მოახდინა და მათი დაკავების ღონისძიებებს ატარებს, უთხრეს ჟურნალისტებს საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურში. აქვე აღნიშნეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით — „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა”.

ქართული ოცნების წარმომადგენლები ყრილობაზე - Sputnik საქართველო
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სცემეს

მმართველი პარტია თვლის, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება გამართლებული არ იქნება. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც გამოძიებულ უნდა იქნას, ხოლო დამნაშავეები – დასჯილი. 

„ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული. ქმედების მოტივი იყო არა პოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და გორის კონკრეტულ მოსახლეებს შორის“, — განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „TV პირველის” პირდაპირ ეთერში. 

ყველა ახალი ამბავი
0