თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ქართული ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის განცხადებას, რომლებიც რომის პაპი ფრანცისკის საქართველოში ვიზიტს ეწინააღმდეგებიან.
ქართული სამღვდელოების წარმომადგენლებმა 21 სექტემბერს აქცია გამართეს ვატიკანის საელჩოსთან და რომის პაპის 30 სექტემბერს დანიშნული ვიზიტი გააპროტესტეს. მათ მოუწოდეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, უარი განაცხადოს პაპ ფრანცისკთან შეხვედრაზე.
„საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოში ასევე განმარტეს, რომ რომის პაპის მიერ თბილისში მესის ჩატარება არ უნდა აღიქმებოდეს მართლმადიდებელი მრევლის კათოლიკეებად მოქცევის მცდელობად.
რომის პაპი ფრანცისკი საქართველოს 30 სექტემბერს სამდღიანი ვიზიტით ეწვევა.
რომის პაპი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. პონტიფიკოსი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას ჩაატარებს.
რომის პაპი ჩვენს ქვეყანას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით ესტუმრება. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ, 2 ოქტომბერს ის აზერბაიჯანში გაემგზავრება.