თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას პირდება, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში რევოლუციურ რეფორმებს გაატარებს.
„ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ მშვიდად, აუღელვებლად და ყველა გამოკითხვა მეტყველებს ამაზე. არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუციური გაუმჯობესება სოციალური სტანდარტების და ხალხის ცხოვრების დონის, რევოლუციური სასამართლო რეფორმა, განათლების რეფორმა“, — თქვა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ Facebook —ის თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
არჩევნებს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდად, ყველაფერი მიდის ივანიშვილის გარდაუვალი მარცხისკენ, ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლებისკენ…" — ამბობს ვიდეომიმართვაში ექს-პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში სისხლის სამართლის საქმე 4 მუხლითაა აღძრული.
„ ჩვენ 2012-ში მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, არც ერთხელ ამ 4 წლის განმავლობაში არც გალიები დაგვიდგამს, არც კარვები და არც დესტაბილიზაცია გვიცდია“, — წერს სააკაშვილი თავის გვერდზე.
ამასთან მან უარყო არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონა“ ერთ-ერთი წევრის ბესო კალაძის განცხადება, რომ ექს-პრეზიდენტმა არჩევნების დღისთვის არეულობის მოწყობა დაავალა „ენმ“-ს წევრებს.
„ივანიშვილმა გამოაჩინა თავისუფალი ზონის "დავერბოვკებული" წევრი, რომელმაც თქვა ოთხი დღის წინ სააკაშვილს შევხვდიო, თუმცა არ შემხვედრია და ვერც შემხვდებოდა“, — დაწერა სააკაშვილმა. ამის მეორე დღეს გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია საუბრის ისეთი შემადგენლობით, რომელიც არასდროს შეკრებილა ერთად, რა თქმა უნდა, ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან ნებისმიერი სატელეფონო საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის. ვერც 40-მილიონიანი ფილმი, ვერც ჩანაწერები და სხვა ვირტუალური ხრიკები ვერ ჩაანაცვლებს იმ რეალობას, რომ ხალხს უჭირს და მათ სურთ ცვლილება“, — დაწერა მიხეიოლ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ორივე შემთხვევაში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ხელისუფლების დამხობის ან მიტაცების მიზნით შეთქმულების მომზადებაზე.