ექსპერტი: ბურჭულაძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუხაშვილის ვარაუდით, მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკს საპარლამენტო არჩევნებზე შანსი აქვს. ექსპერტმა აღნიშნა, რომ გადაუმოწმებელ პარტნიორებთან კავშირს შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როდესაც პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩთან“ გაერთიანდა, მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ბურჭულაძე პოლიტიკაში მიმდინარე წლის მაისში მოვიდა. აგვისტოში ის სამ პარტიასთან გაერთიანდა. აქედან ორს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები ხელმძღვანელობენ. გუშინ „გირჩის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაერთიანებას ტოვებენ. განხეთქილების ვაშლად ფული იქცა.

მანანა კობახიძე - Sputnik საქართველო
მანანა კობახიძე: ბურჭულაძე სააკაშვილის მარიონეტია

„ბუნებრივია, როცა რაღაც გაურკვეველი პრინციპების საფუძველზე ხელოვნური გაერთიანებები იქმნება, ასეთი მომენტები ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ბურჭულაძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა შეუმოწმებელ პარტნიორებს „გირჩის“ სახით, პრაქტიკულად, კონტროლი გადასცა და ჩამოიშორა საკუთარი პარტნიორები, რომლებთანაც დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, კანონზომიერია“, — განაცხადა ხუხაშვილმა Sputnik-თან საუბრისას.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ „გირჩმა“ რაღაც დაპირებები არ შეასრულა.

„ბურჭულაძე მათ კოალიციის დიდ ნაჭერს ლამაზი თვალებისთვის არ მისცემდა. გასაგებია, რომ ბურჭულაძეს რაღაც ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული პრეტენზიები ჰქონდა, რომლებიც, როგორც ჩანს, „გირჩმა“ არ შეასრულა. მაგრამ ახლა „გირჩი“ ამ საკითხის სხვა კუთხით შემობრუნებასა და ბრალდებებით გამოსვლას ცდილობს, რომ მათ აშანტაჟებდნენ“, — აღნიშნა ხუხაშვილმა.

„გირჩის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბურჭულაძე ბლოკის საარჩევნო სიაში ადგილებისთვის ფულს ითხოვდა. ბურჭულაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რაც მისთვის მიუღებელია.

მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, არ ღირს, ბურჭულაძის შანსები სათანადოდ არ შეფასდეს, აღნიშნავს ხუხაშვილი.

„არჩევნების წინ იმ ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით, რომელიც ჯერ ვერ გარკვეულა, ვის მისცემს ხმას, ვუშვებ იმას, რომ, მიუხედავად ყველა ამ პროცესისა, ის (ბურჭულაძე) შეძლებს, რამეს ჩაეჭიდოს. კონკრეტულად რას და რამდენად საკმარისი იქნება ეს პოლიტიკური სტაბილიზაციისთვის, ჩემთვის რთული სათქმელია, რადგან სისტემა ჯერჯერობით დუღს“, — განაცხადა ხუხაშვილმა.

მამუკა კაციტაძე - Sputnik საქართველო
„ახალი მემარჯვენეები“ ბურჭულაძის ბლოკში რჩებიან

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე მოვლენებმა ბურჭულაძის ელექტორატზე გავლენა მოახდინოს, რაც საარჩევნო პროცესისთვის ცუდია.

„თუ არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელი დაბალი იქნება, ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის არჩევნების შემდგომ რისკებს და კრიზისის ჩამოყალიბებას. ხელისუფლების სუსტი ლეგიტიმურობა საბოლოოდ არასტაბილურ პერსპექტივად გადაიქცევა, რაც ერთი დიდი კრიზისის ან მცირე კრიზისების კასკადის საფრთხეს შეიცავს, ეს კი ისედაც სუსტ სახელმწიფოებრიობას შეარყევს“, — განაცხადა ხუხაშვილმა.

ამჟამად ბურჭულაძის ბლოკში შედიან მის მიერ შექმნილი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“, ასევე „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში ადგილებისთვის 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები იბრძვიან.

ყველა ახალი ამბავი
0