თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილს ცილისწამებაში დასდო ბრალი და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
ივანიშვილმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ბურჭულაძემ თანამშრომლობის შეთავაზებაზე პასუხად დიდი თანხა მოითხოვა. ბურჭულაძე პოლიტიკაში მიმდინარე წლის მაისში მოვიდა. მის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია.
„ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი ამხილა. ის არის მატყუარა და მოვითხოვ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა. მან დამაბრალა, თითქოს თანადგომა მთხოვა და სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა“, — განაცხადა ბურჭულაძემ.
არავის აქვს უფლება, სრულიად უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ მომაყენოს პირადი შეურაცხყოფა და შეეცადოს ჩემი ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების მოტყუებას, აღნიშნა ბურჭულაძემ.
„ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს. მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია“, — აღნიშნა მან.
ივანიშვილმა ბურჭულაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ასევე არაერთხელ დაადანაშაულა. აგვისტოს თვეში პოლიტიკურ ბლოკში „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლებით დაკომპლექტებული „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ გაერთიანდა.