თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები დაიწყო.
ყველაზე ადრე ეს არჩევნები კამჩატკისა და ჩუკოტკის მოსახლეობისთვის დაიწყო. კენჭისყრა კალინინგრადის ოლქში, 18 სექტემბერის ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდება. ყოველ რეგიონში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00–დან 20:00 საათამდე მუშაობს.
ამჟამად რუსეთში რეგისტრირებულია 111,6 მლნ ამომრჩეველი, მათგან დაახლოებით 1,87 მლნ საზღვარგარეთ იმყოფება. კენჭისყრა ორგანიზებულია რუსეთის 95 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე, ასევე მსოფლიოს 145 ქვეყნის 371 უბანზე.
კენჭისყრისთვის ადგილები გამოყოფილია სასწავლო დაწესებულებებში. ასევე, საარჩევნო უბნები შეიძლება შეიქმნას სამხედრო ნაწილებში, გემებზე, რომლებიც არჩევნების დღეს ზღვაში იმყოფებიან, პოლარულ სადგურებზე, საავადმყოფოებსა და სანატორიუმები, აეროპორტებში, ვაგზლებზე, ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების ყოფნის ადგილებში.
მანამდე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს უბნებზე უსაფრთხოება სათანადოდ იქნება უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, 15 რეგიონსა და 13 ქალაქში (მილიონზე მეტი მოსახლეობით) ვიდეოდაკვირვება იწარმოებს.
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერს შერეული სისტემით ჩატარდება. დეპუტატების ნახევარს პროპორციული, ხოლო ნახევარს — მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.