თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთლის გმზირზე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები დაამონტაჟეს, განაცხადეს საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეს–სამსახურში.
ახალი სადგურები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რისი წყალობითაც დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი წარმატებით განხორციელდება. თბილისის ეს ადგილები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. აქამდე დედაქალაქში მხოლოდ ერთი – ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური მოქმედებდა.
ავტომატური სადგურის საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი მონიტორინგი განხორციელდება და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაცემს. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, მრავალ ახალ ინიციატივას ახორციელებს, პარალელურად მიმდინარეობს ინდიკატორული გაზომვებიც. თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.
პროექტი იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სადგურების გახსნას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოში იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი, ასევე ქართველი და იაპონელი სპეციალისტები.
გარემოს დაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, თბილისში ყველაზე სუფთა ჰაერი ნუცუბიძის მე–4 მიკრორაიონშია, ასევე ვაჟა–ფშაველას გამზირზე.
შედარებით დაბინძურებულია ჰაერი მელიქიშვილზე, მეტრო „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე და პარკ „მზიურის“ შესასვლელთან.