თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ევროპის რეგიონიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
სერგეენკო ჯანმო-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 66-ე სესიაზე კოპენჰაგენში იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა და სესიის მონაწილეებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გააცნო.
„ჯანდაცვა არ არის ვინმეს პრივილეგია, ეს არის ყველას უფლება. საყოველთაო ჯანდაცვის განხორციელება ჩემი ქვეყნისთვის გახდა რეალობა, რადგან საქართველოს მთავრობამ ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა“, — განაცხადა სერგეენკომ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ჯანდაცვის ბიუჯეტი 150%-ით გაიზარდა, თუმცა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.
„ასეთი შეზღუდული ბიუჯეტით, ჩვენ შევძელით, შევბმოდით ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს, რომ მოგვცა საშუალება, განგვეხორციელებინა ასეთი ამბიციური პროექტი“, — აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ შარშან საქართველომ განახორციელა უკიდურესად ამბიციური პროექტი — C ჰეპატიტის ელიმინაცია. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ეს პროექტი ამოქმედდა და მასში 15.000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ხოლო 10.000 პაციენტზე მეტი უკვე განიკურნა ამ დაავადებისგან“, — აღნიშნა სერგეენკომ.
აღმასრულებელი კომიტეტი 34 წევრისგან შედგება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ტექნიკურად კვალიფიციური არიან. თითოეული ინიშნება წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა ირჩევს. წევრ სახელმწიფოებს სამი წლის ვადით ირჩევენ.
აღმასრულებელი კომიტეტის ძირითადი ფუნქციები ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, მისთვის კონსულტაციური დახმარების გაწევა და მუშაობაში ზოგადი ხელშეწყობაა.