თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და ბელარუსს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ორგანოების გადანერგვა და ონკოლოგია. ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თბილისში ბელარუსის ეროვნულ გამოფენაზე გააკთა.
„მე დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგებთან და ვფიქრობ, ორი მთავარი მიმართულება რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას ეს იქნება ბელარუსული ფარმწარმოების, მედიკამენტების სპექტრის მნიშვნელოვანი გაზრდა, რადგან მათ დადასტურებულად ევროპული ხარისხი აქვთ და მეორე — კლინიკური მიმართულება — ონკოლოგია და ორგანოთა გადანერგვა,“- განმარტა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პოტენციური თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, რადგან ბელარუსის სახელმწიფომ დიდი მიღწევები განახორციელა, როგორც ფარმწარმოების, ისე კლინიკური მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც უკვე ძალიან კარგია, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს,“- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
საქართველოში ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. მის ფარგლებში წარმოდგენილია ბელარუსში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის დაახლოებით 150 კომპანია, მათ შორის, მოწინავე საწარმოები იღებენ.