თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სექტემბერში, თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსული წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, აგროტექნიკა, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მინსკში, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განაცხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის გაუმჯობესების, ერთობლივი საწარმოების შექმნის, დარგის სპეციალისტების გადამზადებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
საუბარი შეეხო ქართული ციტრუსის, ჩაის, თხილის, ღვინოს, სხვა ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ბელარუსის რესპუბლიკაში ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას.
ბელარუსის ნაციონალური გამოფენა საქართველოში 1-4 სექტემბერს მოეწყობა. რესპუბლიკა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე საქართველოში რესპუბლიკა ბელარუსის ნაციონალური გამოფენის მომზადებისა და ჩატარებისათვის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტს სათავეში ჩაუდგა პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხეილ რუსი.
საორგანიზაციო კომიტეტს დაევალა ნაციონალური გამოფენის მომზადება-ჩატარება, ასევე გამოფენის მოსამზადებელი ღონისძიებების კონცეფციისა და გეგმის დამტკიცება.
ნაციონალური გამოფენის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის კომიტეტს დაევალა ექსპონენტებისა და ოფიციალური ბელორუსული დელეგაციის შემადგენლობის დროული და ხარისხიანი ჩამოყალიბების საკითხების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
2015 წელს საქართველოსა და ბელარუსს შორის გარე სავაჭრო ბრუნვამ 41,2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან ექსპორტმა შეადგინა 20,5 მილიონამდე დოლარი, ხოლო ბელარუსიდან იმპორტმა-20,8 მილიონი დოლარი. საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ბელარუსი 11-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს საქართველოს 57 779 ბელორუსი მოქალაქე ესტუმრა.