თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველომ დაამტკიცა 2016-2020 წლების С ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია, რომლის ფარგლებში ქვეყანა დონორებისგან უსასყიდლოდ 15 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს მიიღებს, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან 57 მილიონი ლარი დაიხარჯება, დანარჩენ ხარჯებს დონორი ორგანიზაციები დაფარავენ. ეს სახსრები გამოკვლევებს მოხმარდება.
ოთხ წელიწადში С ჰეპატიტი საქართველოში, ფაქტობრივად, აღმოიფხვრება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ამ ვირუსული დაავადების წინააღმდეგ პროექტი 2015 წლის მაისში ამოქმედდა. ერთი წლის განმავლობაში უფასო გამოკვლევა ჩაიტარა დაახლოებით 200 ათასმა ადამიანმა. პროგრამაში 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. 5 ათასზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა, მათგან 92% სრულებით განიკურნა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის კომპანია „გილიარდს" და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს.
2015 წელი საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლის წლად იყო გამოცხადებული.