თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველომ უნდა იამაყოს იმით, რომ ქვეყანაში არსებობს С ჰეპატიტის მკურნალობის უპრეცედენტო პროგრამა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ჩვენ, ქართველებს მართლაც გვაქვს საამაყო, რომ ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროგრამის დაწყებას უამრავი ადამიანი ელოდა დიდი იმედით და კარგია, რომ მან არა მხოლოდ გაამართლა იმედები, არამედ გადააჭარბა კიდეც ყველა მოლოდინს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გასული წლის აპრილიდან დღემდე ჰეპატიტის პროგრამამ 14 ათასი ადამიანი მოიცვა. აქედან 5 ათასმა უკვე დაასრულა მკურნალობა. დაავადებულთა 92% სრულად განიკურნა.
„იმისთვის, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო, მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტი და ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური გარემო“, — განაცხადა სერგეენკომ სხდომაზე.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა, წინანდელი 800-ის ნაცვლად, პროგრამაში ყოველთვიურად 3 ათას ადამიანს შეუძლია ჩართვა.
„ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 000 ადამიანისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადებით არის ინფიცირებული“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.