ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ Sputnik-ი ბავშვთა ფსიქოლოგ ბაკო მაღულარიას ესაუბრა და შეიტყო, როგორ უნდა შევამზადოთ ბავშვი სკოლისთვის, რომ ნაკლები სტრესი მიიღოს და გაკვეთილებზე წასვლას არ შეუშინდეს.
„ბავშვში ცნობისმოყვარეობა უნდა გავაღვივოთ. ესაუბრეთ მას სხვადასხვა თემებზე, უამბეთ თქვენს სამსახურზე, მისი არცერთი კითხვა არ დატოვოთ პასუხგაუცემლად. თუ რამე საკითხზე პასუხი არ გაქვთ, ნუ ინერვიულებთ, მოძებნეთ განმარტება ინტერნეტში ან ენციკლოპედიაში. ერთად უყურეთ ფილმებს, იკითხეთ წიგნები და ერთად გააანალიზეთ წაკითხული. დაიმახსოვრეთ: მთავარია არა კითხვის ტემპი და სიჩქარე, არამედ წიგნების მიმართ ინტერესი და სიყვარული“, — გვირჩევს ფსიქოლოგი.
მიეცით ბავშვს უფროსების ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, წაიყვანეთ სამსახურში, რათა ადამიანებსა და განსხვავებულ გარემოს შეეჩვიოს.
„მას ხომ სკოლაში ბევრ მასწავლებელთან, უფროსებთან მოუწევს ურთიერთობა. ბავშვი ამ დროს ბევრ რამეს შეიმეცნებს, ლოგიკურ აზროვნებას სწავლობს“, — განმარტავს ბაკო მაღულარია.
ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ ბავშვს პერიოდულად დახმარება უნდა ვთხოვოთ, გარკვეული საქმეები უნდა დავავალოთ. მაგალითად, მაგიდის გადაწმენდა, ოთახის დალაგება, ყვავილების მორწყვა. ეს ყველაფერი მას ყურადღების განაწილებას ასწავლის და საქმის ბოლომდე მიყვანას მიაჩვევს.
მაღულარია ამბობს, რომ ბავშვს მცირე ასაკიდანვე აუცილებლად უნდა მივცეთ უფლება, მიჰყვეს თავის გატაცებებს, მაგალითად, იხტუნოს რაც შეიძლება მაღლა, იძრომიალოს ხეებზე… მშობელმა თვალყური უნდა ადევნოს შვილის ფიზიკურ აქტივობას, დააკვირდეს, რისკენ აქვს მიდრეკილება ბავშვს: სპორტისკენ, ლიტერატურისკენ, მუსიკისა თუ სხვა რამისკენ.
ასევე აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ, რომ ბავშვმა ხშირად ითამაშოს თანატოლებთან ერთად, ეს მას სკოლაში ადაპტაციაში შეუწყობს ხელს.
„გახსოვდეთ: ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების სიყვარული არანაირად არაა დაკავშირებული სასკოლო ნიშნებთან. როცა ბავშვმა ეს იცის, მას უიოლდება გარკვეული წარუმატებლობების გადალახვა სკოლაში“, — აღნიშნავს ბავშვთა ფსიქოლოგი.
ბაკო მაღულარიას თქმით, სწავლის დაწყების წინ ძალიან სასარგებლოა იმ სკოლის სიახლოვეს სეირნობა, სადაც მას სწავლა მოუწევს. ამ დროს მას მშობელი უნდა ესაუბროს იმ წესებზე, რომელთა დაცვაც მოუწევს სკოლაში.
კარგი იქნება, თუ მშობლები და შვილები ერთად მოემზადებიან სასკოლოდ, ანუ ყველა სასკოლო ნივთს შვილებთან ერთად შეიძენენ.
სასწავლო წლის დაწყების წინ მშობელი უნდა შეეცადოს, მოუწესრიგოს ბავშვს დღის რეჟიმი და ჩამოუყალიბოს დამოუკიდებლად თავის მოვლის ჩვევა: თავისით ჩაცმა-გახდა, ჰიგიენის დაცვა, ჭამა და ა.შ.
ფსიქოლოგის ძირითადი რჩევები ასეთია:
• გაუღვივეთ ბავშვს წიგნის სიყვარული
• ესაუბრეთ სხვადასხვა თემაზე
• უპასუხეთ ყველა შეკითხვაზე
• ერთად იკითხეთ წიგნები და გააანალიზეთ წაკითხული
• ერთად უყურეთ ფილმებს
• ხანდახან წაიყვანეთ სამსახურში
• სთხოვეთ დალაგებაში დახმარება
• ხელი არ შეუშალოთ გატაცებაში (ხტუნვასა თუ ხეებზე ძრომაში)
• დააკვირდით ბავშვის ფიზიკურ აქტივობას
• ამოიცანით მისი მიდრეკილებები
• არ დაემუქროთ, რომ სკოლაში მიღებული ცუდი ნიშნისთვის დასჯით
• სკოლაში შეყვანის წინ ხშირად ისეირნეთ მომავალი სკოლის სიახლოვეს
• ესაუბრეთ წესებზე, რომელთა დაცვაც მოუწევს სკოლაში
• სასკოლო ნივთები ბავშვთან ერთად შეიძინეთ და გაამზადეთ
• მიაჩვიეთ დამოუკიდებლად თავის მოვლას.