თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში 18-25 სექტემბერს საავტორო კინოს მე-11 საერთაშორისო ფესტივალი BIAFF ჩატარდება, რომელზეც რუსი, უკრაინელი, ყაზახი, ირანელი, ბრიტანელი და სხვა ქვეყნების კინემატოგრაფისტები მოიყრიან თავს, ნათქვამია ფესტივალის ვებგვერდზე.
კინოფესტივალს მეტად საინტერესო და ავტორიტეტული ჟიური ეყოლება, რომელიც სამ მთავარ ნომინაციაში: საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებში გამოავლენს გამარჯვებულს.
ჟიურის წევრები რუსეთიდან იქნებიან: სცენარისტი და პროდიუსერი ლიზა ანტონოვა, კინორეჟისორი და სცენარისტი მარინა რაზბეჟკინა და კინოკრიტიკოზი დილარა ტასბულატოვა.
ჟიურიში ასევე შევლენ: ბრიტანელი მსახიობი და სცენარისტი რებეკა ლენკიევიჩი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი იულია სინკევიჩი, ირანელი მსახიობი მაჰთაბ ქარამათი, ყაზახი კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი გულნარა აბიკეევა და სხვები.
საქართველოს ჟიურიში წარმოადგენენ: რეჟისორი დათო ცინცაძე, სცენარისტი გივი (ბესიკ) ოდიშარია და მსახიობი ზურაბ სტურუა.
წელს კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების პროგრამაში წარმოდგენილი იქნება რუსი, ინდოელი, ირანელი, ევროპელი და სამხრეთ კავკასიელი რეჟისორების ფილმები.
ნაჩვენები იქნება ფილმები: ტომაშ ვასილევსკის „სიყვარულის შეერთებული შტატები“, რეზა მირქარიმის „ქალიშვილი“, ივან ტვერდოვსკის „ზოოლოგია“, რალიცა პეტროვას „უღმერთონი“, ანკი შმიდის „ველური ქალები, ნაზი მხეცები“, ვიტალი მანსკის „ნათესავები“, ვახო ვარაზის „დევნილი გემი „ენგური“ და სხვა.
მოკლემეტრაჟიან ფილმებს ბათუმის ფესტივალზე წარმოადგენენ ქართველი, უკრაინელი, იტალიელი, გერმანელი, ფრანგი, პორტუგალიელი ბერძენი, პოლონელი, რუმინელი, უნგრელი, ზორვატი, მექსიკელი, რუსი, ირანელი და თურქი კინორეჟისორები.
საერთაშორისო კონკურსის გარდა, BIAFF 2016-ის პროგრამა ასევე მოიცავს ქართული კინოს პანორამას, ევროპული კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციას, რეტროსპექტივებსა და მასტერ-კლასებს.
კინოფესტივალის ფარგლებში ასევე განხორციელდება საქართველოს კინოცენტრის პროექტი „ალტერნამტიული ტალღა 2016“, რომლის მიზანიცაა საქართველოში მცირებიუჯეტიანი ფილმების წარმოების მხარდაჭერა.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ ბათუმის ხელოვნების მოღვაწეთა სახლი „არღანი“, საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.